logo
ENG



გურამ ჩალაგაშვილი: ხელისუფლება არის აგონიურ მდგომარეობაში

09 თებ 202018:50
3 წუთის საკითხავი
 
ic90u96twzi50p4.jpg

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის პროცესი უზენაეს სასამართლოში ხვალ არის დანიშნული. სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესს მხარეები არ დაესწრებიან. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავება.

უგულავას საქმის დეტალებს ოპოზიციაში აფასებენ. მათი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ლიდერების მიმართ რეპრესიები მიმდინარეობს.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის თქმით, უგულავა არ არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომლის მიმართაც სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, მისივე თქმით, ეს პროცესები წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

„ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერს, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად სასამართლო პროცესებზე იმყოფებიან, და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოახლოებული არჩევნების კონტექსტში განიხილება, პოლიტიკურ შეფერილობას ატარებს და ოპოზიციას ამის მტკიცება არ სჭირდება ვინმესთვის, განსაკუთრებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ისინიც ძალიან ცხადად ხედავენ“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, გურამ ჩალაგაშვილი პროცესებს პოლიტიკურ რეპრესიებს უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ამ პროცესებით მმართველი პარტიის წარმომადგენლები უფრო მალე დაასრულებენ პოლიტიკურ მოღვაწეობას.

„ეს არის პოლიტიკური რეპრესიები. ხელისუფლება არის აგონიურ მდგომარეობაში. მე მინდა მჯეროდეს, რომ ხვალ უზენაესი სასამართლო არ გამოიტანს უაზრო გადაწყვეტილებას. ციხის არავის არ ეშინია, ვიბრძვით, ვდგავართ ერთად და გაასმაგდება ოპოზიციის ზეწოლა ხელისუფლებაზე და ისინი უფრო და უფრო მალე დაასრულებენ თავიანთ პოლიტიკურ მოღვაწეობას“, - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

ოპოზიციისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს. მათი თქმით, პოლიტიკაში ყოფნა არ არის საშუალება იმისა, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა დანაშაულზე პასუხი არ აგონ.

„დაბარება არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უკვე გაცხადებული დამნაშავეები არიან, მაგრამ პოლიტიკურმა სუბიექტებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ პოლიტიკაში ყოფნა არ არის საშუალება იმისა, რომ მათ ჩაიდინონ რაიმე გადაცდომა და მას პასუხი არ მოსთხოვონ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


close დახურვა