თურქმენეთის ყოფილი პრეზიდენტის, გურბანგული ბედრიმუჰამედოვის შვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. თურქმენეთის ცესკოს მტკიცებით, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ხმების 73% მიიღო. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი 7-წლიანი ვადით აირჩევა.
11 თებერვალს გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა პარლამენტის ზედა პალატაში განაცხადა, რომ მზადაა "ქვეყნის მართვა ახალგაზრდა მმართველებს დაუთმოს" და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების განკარგულება გასცა.
სერადრის გაპრეზიდენტება მოსალოდნელი იყო, რადგან მამამისმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა შვილი ვიცე-პრემიერად დასვა. ქვეყანაში ტოტალური კონტროლია, რის გამოც არ არსებობს მყარი ოპოზიციური პარტიები. არჩევნებში მონაწილეობას იღებდა კიდევ რვა საპრეზიდენტო კანდიდატი.
გურბანგული ბერდიმუჰამედოვი პრეზიდენტად 2007 წელს აირჩიეს. 2016 წელს პარლამენტმა საპრეზიდენტო ვადაზე შეზღუდვა გააუქმა, ხოლო უფლებამოსილების ვადა 5-დან 7 წლამდე გაზარდა.
სერდარ ბერდიმუჰამედოვს თურქმენეთში "ერის შვილს" უწოდებენ. ამავე დროს, მის 64 წლის მამას, რომელიც პარლამენტის ზედა პალატის სპიკერად რჩება - არკადაგს, იმავე დამცველს ეძახიან.
მიიჩნევა, რომ თურქმენეთი ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა და მისი დემოკრატიის ინდექსი ჩრდილოეთ კორეის მონაცემებს უტოლდება. ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი მედია, პოლიტიკურ პარტიებს აკონტროლებს ხელისუფლება. გარდა ამისა, კონტროლდება ინტერნეტიც. სოციალურ ქსელებში კი ბერდიმუჰამედოვი იმით გახდა პოპულარული, რომ მღეროდა და ვიდეორგოლებს წერდა, მათ შორის, 2019 წელს შვილიშვილთან ერთად ჩაწერა სიმღერა საკუთარი ცხენის შესახებ.