გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი თავდასხმა, შესაძლოა, შურისძიებას უკავშირდებოდეს. 25 მარტს სოფელში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ადამიანები ჩაცხრილეს. გარდაიცვალა ერთი, მძიმედ დაიჭრა კიდევ ერთი და მსუბუქად ორი ადამიანი - მათგან ერთ-ერთი მალხაზ ბადუაშვილი, მეტსახელად მარიო.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, მარიოს თავს ბოლო 4 წლის განმავლობაში 4-ჯერ დაესხნენ. 25 მარტს თავდასხმის მთავარი სამიზნე ისევ მალხაზ ბადუაშვილი [მარიო] იყო. მას სოფელ ყიტაანში ერთ-ერთ სახლში ჩაუსაფრდნენ და როდესაც ის მეგობრებთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა ესროლეს.
ბრალდებულები იმავე ღამეს დააკავეს. ორივე ბადუაშვილის თანასოფლელია. ასევე, ორივე იმ კაცის ნათესავია, რომლის მკვლელობისთვისაც იხდიდა სასჯელს მარიო - 13 წელი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი მისი მოკვლა 4-ჯერ სცადეს. გასული წლის თებერვალში ზედიზედ ორჯერ. დაჭრილი მაშინ გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს - ღამით მისი პალატა კიდევ ერთხელ დაცხრილეს.