გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსია საშიში ესკალაციის ნიშანი იქნება.
"უკრაინის რეგიონების, დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიის ნებისმიერ გადაწყვეტილებას არ ექნება იურიდიული ღირებულება და დაგმობას იმსახურებს," - თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
გუტიერეშის თქმით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმები უკრაინის სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს მიღმა ჩატარდა. როგორც გაეროს გენერალური მდივანი ამბობს, რეგიონების ანექსიას თანამედროვე სამყაროში ადგილი არ აქვს.
"ჩვენ ერთგული ვართ უკრაინის სუვერენიტეტის, ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დროა დასრულდეს ეს დამანგრეველი და უაზრო ომი," - განაცხადა გუტიერეშმა.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, დღეს, 15:00 საათზე, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხელს მოაწერს შეთანხმებებს ანექსირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ.
27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთი არალეგიტიმურ რეფერენდუმს არ აღიარებს.