აშშ-ში დააკავეს კრემლთან დაკავშირებული პირი, რომელსაც, შესაძლოა რუსეთის მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს.
Bloomberg-ის მიერ მომზადებულ ვრცელ მასალაში ნათქვამია, რომ 2021 წლის 18 დეკემბერს შვეიცარიიდან აშშ-ში მოხდა ვლადისლავ კლუშინის ექსტადირება. აშშ-ის განცხადებით, მას ბრალად ედებოდა ათობით მილიონობით დოლარის შოვნა უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციით ვაჭრობით.
როგორც გაირკვა, ვლადისლავ კლუშინი არა მხოლოდ უკანონოდ ვაჭრობდა ინფორმაციით, არამედ მისი კომპანია კრემლის კონტრაქტორიც იყო - ის ხელმძღვანელობდა საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიას, რომელიც რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებთან თანამშრომლობდა.
გამოდის, რომ კლუშინი კრემლთან დაკავშირებული ერთ-ერთი უმაღლესი დონის პირია, რომელიც აშშ-ს ბოლო პერიოდში დაუპატიმრებია.
Bloomberg-ს დაზვერვის საკითხებზე მომუშავე სულ მცირე 3-მა ადამიანმა უთხრა, რომ თუ ვლადისლავ კლუშინი აშშ-ის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აირჩევს, ის, შესაძლოა, მათთვის სასარგებლო წყარო გახდეს და 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევის შესახებ მნიშვნელოვანი და უახლესი ინფორმაცია მიაწოდოს.
გამოცემა წერს, რომ მოსკოვში მცხოვრები იმ პირების განცხადებით, რომლებიც კრემლთან და უსაფრთხოების სისტემასთან არიან დაკავშირებულები, რუსეთის დაზვერვამ დაასკვნა, რომ 41 წლის კლიუშინს წვდომა აქვს 2016 წლის აშშ-ის წინასაარჩევნო პერიოდში დემოკრატიული პარტიის სერვერების გატეხვის შესახებ დოკუმენტებზე.
როგორც ისინი ამბობენ, ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ ჰაკერულ თავდასხმას ხელმძღვანელობდა რუსეთის GRU-ს სამხედრო დაზვერვის ჯგუფი, რომელსაც ამერიკულმა კიბერუსაფრთხოების კომპანიებმა Fancy Bear უწოდეს.
რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჯგუფი ბოლო წლებში ჰაკერული თავდასხმის არაერთ შემთხვევასთანაა დაკავშირებული. ასევე, მათ უკავშირდება 2018 წელს GRU-ს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი შვილის მოწამვლაც. რუსეთი ყველა ამ ბრალდებას უარყოფს.
Bloomberg-ს რესპოდენტებს სჯერათ, რომ კლუშინს წვდომა აქვს სხვა დოკუმენტებზეც, რომლებიც საზღვარგარეთ GRU-ს სხვა ოპერაციებს ეხება.
აშშ-ის ინფორმაციით, ვლადისლავ კლუშინის IT კომპანია, სახელწოდებით M-13 რუსეთის პრეზიდენტის, მთავრობის და სამინისტროებისთვის მუშაობდა. მის დაქვემდებარებულ პირთა შორის ერთ-ერთი იყო ყოფილი სამხედრო მზვერავი, სახელად ივან იერმაკოვი, რომელიც კლიუშინთან ერთად არის ბრალდებული.
იერმაკოვის გვარი ასევე ფიგურირებს აშშ-ის სპეციალური მრჩევლის, რობერტ მიულერის ბრალდებაში, რომლის მიხედვითაც, ჯამში 12 რუს ადამიანს ბრალად ედებათ დემოკრატების კომპიუტერულ სისტემებში შეღწევა. საკითხი ბოლომდე გამოძიებული ჯერაც არ არის, ვინაიდან ბრალდებულები აშშ-ის მიღმა არიან. თუმცა, პროკურორებს შეუძლიათ, გააფართოვონ და განაახლონ საქმე ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში.
M-13 რუსეთში კლიენტებს სთავაზობდა უამრავი სახის ტექნოლოგიურ მომსახურებას, მათ შორის, სოციალური მედიის მონიტორინგს, კიბერუსაფრთხოებას. კომპანიამ შესთავაზა კლიენტებს კიბერ სისუსტეების გამოვლენა კიბერ თავდასხმის სიმულაციისა და ტარგეტირებული მიმდინარე შეტეევბის გზით.
რუსეთის სახელმწიფოსთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, ვლადისლავ კლუშინის კომპანიამ შეიმუშავა მედიის მონიტორინგის სისტემა, სახელწოდებით კატიუშა, რომელიც კრემლისთვის და სამინისტროებისთვის მუშაობდა.
მისი შვეიცარიელი ადვოკატის განცხადებით, კლუშინის გადაბირება აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის დაზვერვებმა რამდენჯერმე სცადეს.
ვლადისლავ კლუშინს შვეიცარიაში გაძლიერებულად იცავდნენ. მოსკოვს მის ექსტრადირებაზე უარი შვეიცარიამ უთხრა, აშშ-სთან კი 2 ქვეყანას შორის თანხმობა არსებობდა. კლუშინმა აშშ-ის მიერ ექსტრადირების მოთხოვნა არ გაასაჩივრა.