logo
ENG



დაბომბილ მარიუპოლზე პოსტის გამო რუს ჟურნალისტს 6 წელი მიუსაჯეს

15 თებ 202312:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/15/6ywho3oe1djaw79.jpg

დაბომბილ მარიუპოლზე პოსტის გამო რუს ჟურნალისტს მარია პონომარენკოს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას რუსულ არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელებაში სდებენ ბრალს.

გარდა ამისა, პონომარენკოს 5 წლით საჯარო საქმიანობა აუკრძალეს. დაცვის მხარე სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

პროკურატურის ვერსიით, პონომარენკომ ტელეგრამის არხზე "არა ცენზურას" გამოაქვეყნა პოსტი მარიუპოლის მცხოვრებლების შესახებ, რომლებიც რუსეთის მიერ ქალაქის თეატრის დაბომბვის დროს დაიღუპნენ.

"დამიჯერეთ, გისოსებს იქით უფრო მეტი წესიერი ადამიანები არიან, ვიდრე პარტია "ედინაია რასიაში". ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვადამდე გათავისუფლებას მივაღწევ, რადგან ცვლილებები უფრო ადრე დაგვატყდება თავს", - თქვა პონომარენკომ ბოლო სხდომაზე.

ჟურნალისტი გასული წლის აპრილში სანქტ-პეტერბურგში დააკავეს და ბარნაულის საპატიმროში გადაიყვანეს. სექტემბერში ცუდი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და სამარტოო საკანში ყოფნის პირობების ფონზე პონომარენკომ თვითმკვლელობა სცადა.

ნოემბერში ჟურნალისტი შინა პატიმრობაში გადაიყვანეს, თუმცა იანვარში კვლავ საპატიმროში დააბრუნეს. პონომარენკომ ბინა ყოფილ ქმართან კონფლიქტის გამო დატოვა, რომელმაც, მისი თქმით, მასზე იძალადა.


close დახურვა