„კომენტარს ვერ გავაკეთებ პროფესიული საუბრების ფარულ და უკანონო ჩაწერაზე, შინაარსით მანიპულირებასა და ამის სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენებაზე“, - ამის შესახებ განცხადებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე, გავრცელებული სკანდალური ჩანაწერების საპასუხოდ აკეთებს.
მისი განცხადებით, ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, პირადი, დელიკატური, კომერციული თუ სხვა), რაც 20 წლიანი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მიუღია საიდუმლოდ დარჩება მისი ცხოვრების ბოლომდე.
დავით ასათიანი ომეგა ჯგუფთან თანამშრომლობის შესახებაც წერს და ამბობს, რომ „ომეგა ჯგუფთან“ 17 წლიანი თანამშრომლობის პერიოდის განმავლობაში ყველა მოქმედება ეფუძნებოდა და ეფუძნება ნდობას, კლიენტის ნებასა და მის საუკეთესო ინტერესებს.
„დაახლოებით 17 წელია ომეგა ჯგუფი ჩვენი კლიენტია და ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის გვერდით ვედექით ამ ბიზნეს-ჯგუფს არაერთ რთულ სიტუაციაში. კომპანია “ასათიანი და ადვოკატები” დღემდე, ამჟამადაც ახორციელებს სამართლებრივ დახმარებას ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების სასარგებლოდ 30-მდე სამოქალაქო, ადმინისტრაციულ თუ სისხლის სამართლის საქმეზე.
საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ყველა მოქმედება ეფუძნებოდა და ეფუძნება ნდობას, კლიენტის ნებასა და მის საუკეთესო ინტერესებს. არც ერთი ნაბიჯი კლიენტთან შეთანხმების გარეშე არ გადაგვიდგამს.
ჩვენი პროფესიის უმთავრესი პრინციპი საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი კომუნიკაციის კონფიდენციალობაა. ჩვენი უპირველესი ფუნდამენტური უფლება და ვალდებულებაა დავიცვათ პროფესიული საიდუმლოება და კონფიდენციალობის აბსოლუტური პრივილეგია გასული დროის მიუხედავად, ანუ სიცოცხლის ბოლომდე.
ჩემი მხრიდან შემიძლია მხოლოდ ერთი ვთქვა - ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, პირადი, დელიკატური, კომერციული თუ სხვა), რაც 20 წლიანი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მიმიღია საიდუმლოდ დარჩება ჩემი ცხოვრების ბოლომდე.
დასანანია რაც დღეს გავიგე სატელევიზიო სივრციდან. კომენტარს ვერ გავაკეთებ პროფესიული საუბრების ფარულ და უკანონო ჩაწერაზე, შინაარსით მანიპულირებასა და ამის სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენებაზე, ეს სხვა განხილვის საგანია.
დაბოლოს, ყოველთვის მოხარული ვიქნები ომეგა ჯგუფისა და მისი თანამშრომლების (რომელთაგანაც ბევრთან პირადი, მეგობრული ურთიერთობები მაკავშირებს) წარმატებული საქმიანობის,“ - წერს დავით ასათიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა. აუდიო მასალას ქრონიკა პლიუსის რედაქტორი ავრცელებს. ელისო კილაძე და ომეგა ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დავით ასათიანმა ზაზა ოქრუაშვილს ევროპის ერთ-ერთ ქალაქში წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმული ბრალდებების უკან წაღება და აქცენტების მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიაზე გადატანა შესთავაზა. სანაცვლოდ „ომეგა“ ჯგუფს ვალები გაუნულდებოდა და ყადაღა მოეხსნებოდა.