logo
ENG



დავით ბაქრაძე: სამწუხაროა, რომ დღეს მემორიალთან სანთლის დანთების საშუალება არ გვაქვს

09 აპრ 202014:38
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც პატივი 9 აპრილს დაღუპულ მოქალაქეებს მიაგო.

მისი განცხადებით, ყველა ადამიანმა პატივი უნდა მიაგოს გარდაცვლილთა ხსოვნას, რადგან მათ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საკუთარი სიცოცხლე გაწირეს.

„დღეს პირველ რიგში არის ეროვნული ტკივილის დღე. პატივი უნდა მივაგოთ თითოეულ იმ ადამიანს, ვისი სისხლიც ამ ადგილზე 1989 წლის 9 აპრილს დაიღვარა. დღეს ეროვნული სიამაყის დღეც არის, რადგან ამ 9 აპრილმა მიგვიყვანა მეორე 9 აპრილამდე, როდესაც აღდგა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის გაკვეთილი, რომ ყველა გაჭირვების ჟამს ქართველებს უნდა შეგვეძლოს ერთად დადგომა, უნდა შეგვეძლოს ერთად ბრძოლა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე თბილისის მერიის მიერ დადგმულ მწვანე ღობეზეც საუბრობს, რომლის გამოც მოქალაქეებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალება არ აქვთ. 

„თავის დროზე ეს მწვანე კედელი სწორედ აქციების შესაფერხებლად გაკეთდა, პარლამენტის წინ აქციები, რომ აღარ ჩატარებულიყო. სამწუხაროა, რომ დღეს მემორიალთან სანთლის დანთების საშუალება არ გვაქვს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რუთაველის გამზირზე მივიდა, თუმცა მემორიალთან მისვლის საშუალება არ მიეცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ზაალ უდუმაშვილსაც. მისი განცხადებით, რაც დრო გადის მით უფრო გრძნობს ქართველი ხალხი იმ ღვაწლს, რომელიც ამ ხალხს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის მიუძღვის.

„სწორედ ამ გმირებმა ჩაუყარეს და ზოგადად 9 აპრილმა ჩაუყარა ძალიან დიდი საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და რაც დრო გადის მით უფრო ვგრძნობთ, რამხელა ღვაწლი მიუძღვის ამ ხალხს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენაში. სამწუხაროა, რომ დღეს ადამიანებს, რომლებსაც სურთ პატივი მიაგონ გმირებს, ეს ღობე ყოფს მემორიალს, რომელიც ქართველმა ხალხმა 9 აპრილის გმირებს დაუდგა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

​შეგახსენებთ, რომ დღეს 1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა.


close დახურვა