logo
ENG



დავით ბაქრაძე: სტრასბურგში არსებობს სერიოზული შეშფოთებები იმაზე, რაც ხდება დღეს საქართველოში

30 იან 202017:40
3 წუთის საკითხავი
 

მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშთან დაკავშირებით სტრასბურგში დებატები და კენჭისყრა გაიმართება. დოკუმენტში ცვლილებების შეტანას ითხოვს მმართველი გუნდი. პარალელურად ქართული დელეგაციის წევრები საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდნენ.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გიორგი კანდელაკის განცხადებით, წერილი სხვა ბევრი დოკუმენტის მსგავსად კრიტიკულია, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.

„სხვა ბევრი დოკუმენტის მსგავსად კრიტიკულია ქართული ოცნების მიმართ. დავიწყოთ იმით, რომ 2018 წლის არჩევნებზე დარღვევის გამოძიების არგამოძიების შესახებ გულისწყრომაა გამოთქმული. საქმე ეხება ამომრჩეველთა მოსყიდვას და ძალადობას. ძალიან კრიტიკულად არის შეფასებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი. გამოთქმულია იმპერატიული მოთხოვნა, რომ 2020 წლის არჩევნების საარჩევნო სისტემა უნდა შეუთანხმდეს ოპოზიციას, რომ ყველა მონაწილე პირველ რიგში ოპოზიცია უნდა იყოს თანახმა იმაზე თუ რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს არ არის საბოლოო ვერსია, ჩვენ უნდა დაველოდოთ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპარლამენტო ასამბლეა.

„ეს არ არის საბოლოო ვერსია, ჩვენ უნდა დაველოდოთ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპარლამენტო ასამბლეა და ამის შემდეგ გვექნება საშუალება კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბროთ. ჩვენი მოთხოვნაა კომიტეტის შიდა ინფორმაციის გარეთ გახმოვანების უფლება არ არის დაშვებული, ეს გარანტირებულია, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არის სამუშაო ვერსია იყო გარკვეული საკითხები მათ შორის კომიტეტზეც გათვალისწინებული, რომელიც დააყენა საქართველოს დელეგაციამ, ჩვენ ასევე ვმუშაობთ აქტიურად იმისთვის, რომ ჩვენი შესაბამისი ცვლილებები შევიდეს ამ დოკუმენტში,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

დღესვე დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი შეხვდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტს. როგორც ოპოზიცია ამბობს მოლაპარაკების თემა იყო ძირითადად ორი საკითხი: ოკუპაცია და საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება. მათ შორის სასამართლო საკითხები, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო სისტემა. რაც შეეხება უმრავლესობას, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ახალ პრეზიდენტს, საქართველოს ახალი დელეგაცია გააცნო, გარდა ამისა ისაუბრეს იმ პრიორიტეტებზე რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია 6 თვის განმავლობაში, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა.

„გვქონდა საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის საარჩევნო სისტემის საკითხებზე და სასამართლოზე. ყველა იმ საკითხებზე რაც ზოგადად აქტუალურია ჩვენ საზოგადოებაში და ქართულ პოლიტიკაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, სტრასბურგში არსებობს ძალიან სერიოზული შეშფოთებები იმაზე, თუ რაც ხდება დღეს საქართველოში. 

„სტრასბურგში არსებობს ძალიან სერიოზული შეშფოთებები იმაზე, თუ რაც ხდება დღეს საქართველოში. პირველ რიგში ეს ეხება პროპორციული სისტემის ჩაგდებას, მოსამართლეების დანიშვნის პროცესს და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე დევნას და ძალადობას. ამ თემებზე არსებობს ძალიან სერიოზული შეშფოთებები, მძიმე კითხვის ნიშნები ევროსაბჭოში და ეს ყველაფერი პასუხი იქნება შესაბამის დოკუმენტებში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


close დახურვა