logo
ENG



დავით ზალკალიანი ენტონი ბლინკენს ტელეფონით ელაპარაკა

13 აპრ 202121:57
3 წუთის საკითხავი
 
დავით ზალკალიანი ენტონი ბლინკენს ტელეფონით ელაპარაკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ტელეფონით ელაპარაკა. 

ზალკალიანის განცხადებით, მათ საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე სტრატეგიულ პარტნიორობასა და საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის შესახებ ისაუბრეს. 

„აღნიშნული მაღალი დონის კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან, ადასტურებს საქართველო - ამერიკას შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს, როგორც რეგიონში ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის როლს.

აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ველით ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის". - თქვა ზალკალიანმა. 

მისივე განცხადებით, ნიშანდობლივია ისიც, რომ ეს სატელეფონო საუბარი გაიმართა ბრიუსელიდან, სადაც სახელმწიფო მდივანი ბლინკენი იმყოფება ვიზიტით და მართავს შეხვედრას ნატოს ხელმძღვანელობასთან, ასევე ევროპელ პარტნიორებთან.

"ჩვენი ამერიკელი და ნატოელი პარტნიორები აფასებენ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რაც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

სატელეფონო საუბრისას განხილული იქნა საქართველო ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკვანძო საკითხები. კიდევ ერთხელ აღინიშნა, ამერიკის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესში.

ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ვაშინგტონის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული პროგრესი ითარგმნება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ალიანსის მხრიდან“, - აცხადებს ზალკალიანი.

მინისტრი ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან უკრაინაში შექმნილი ვითარებაზეც ილაპარაკა. 

"საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას დეესკალაციის მიმართულებით.

ბუნებრივია, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, რასაც ემატება გლობალური პანდემია და მისი თანმდევი ეკონომიკური სირთულეები, მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით სტაბილურობა, დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ ძალისხმევის მიმართვა, შესაბამისი რეფორმების გაგრძელება, რაშიც დიდია ამერიკის შეერთებული შტატების როლი. ასევე, არსებული პოლიტიკური პროცესების დეესკალაცია და კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ სრული ძალისხმევა მიმართული იყოს არსებული გამოწვევების დაძლევისკენ.

შევთანხმდით მაღალი დონის კომუნიკაციასა და კავშირების გააქტიურებაზე, როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებული დღის წესრიგი“, - აცხადებს ზალკალიანი.


close დახურვა