ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელი დავით კირკიტაძე წყალტუბოს დევნილთა დასახლებას ესტუმრნენ.
როგორც ყველგან, წყალტუბოშიც ადგილობრივების მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, რის გამოც მოსახლეობა ქვეყანას ტოვებს.
40 ოჯახს ამ დასახლებაში ტექნიკური მიზეზების გამო ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, თუმცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტი და დევნილთა სამინისტრო ყურადღებას არ აქცევს.
პარტიის ოფისში შეხვედრაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელი და კამპანიის წარმოებისთვის აუცილებელი საკითხები განიხილეს.
პარტიის ლიდერები ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ და 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დახმარებას დაჰპირდნენ.
„ჩამოდით რა იმ პერსონალური მანქანებიდან და ის 60 მილიონი, რაც თქვენ მანქანებზე იხარჯება, იმ ფულით ამ ხალხს გაზი გადავუხადოთ. ვეღარ გაიგეთ, რომ უბედურ ქვეყანაში ბედნიერი ვერ იქნებით? ჩამოდით და დაელაპარაკეთ მოსახლეობას. რა გგონიათ მომავალ წელსაც კარტოფილით და პომიდორით იყიდით მათ ხმებს?“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.
შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძეც ესწრებოდა. მისი განცხადებით, სოფელში არსებულ პრობლემებზე ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ ხდება.
„საქართველოს ყველა სოფელი და დაბა არის ხელისუფლებისგან მიტოვებული. ჩვენ დღეს ვიმყოფებით სამტრედიაში, სადაც იგივენაირი პრობლემები აწუხებს მოსახლეობას, როგორიც დღეს საქართველოშია და ხელისუფლების მხრიდან არავითარი რეაგირება ამ პრობლემებზე არ ხდება. ყოველდღიურად ამ ადამიანებს ურთულდებათ ცხოვრება,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ.