logo
ENG



დავით კირკიტაძე: უფასო კვების პროგრამა რუსთავის სკოლებშიც განხორციელდება

23 ოქტ 202113:02
3 წუთის საკითხავი
 
unm.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა რუსთავში, დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო კვების პროგრამა რუსთავშიც განხორციელდება. 

კიკრიტაძის თქმით, მან ადგილობრივების ინტერესებზე დაყრდნობით პარტიასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ თბილისში წარდგენილ ამ ინიციატივას რუსთავიც შეუერთდება.

"თბილისის საჯარო სკოლებში მოსწავლეების უფასო კვების ინიციატივას პოზიტიური გამოხმაურება მოყვა რუსთავშიც. არაერთმა მშობელმა მოგვმართა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივა განხორციელებული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ, იქნებოდა ძალიან კარგი და საშური საქმე რუსთავშიც", - განაცხადა დავით კიკრიტაძემ.

მერობის კანდიდატის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ერთჯერადი უფასო კვების პროგრამის იმპლემენტაცია ქალაქის ბიუჯეტით მოხდება და საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ყოველ სასწავლო დღეს ერთჯერად კვებას დააფინანსებს. 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში რუსთავში ერთმანეთს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით კირკიტაძე და ქართული ოცნების კანდიდატი ნინო ლაცაბიძე დაუპირისპირდებიან. 

30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.

თბილისის მერობისთვის მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია იბრძოლებენ.


close დახურვა