35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, მკვლელობა ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა დაუკვეთა.
როგორც მან სააგენტო ინფო რუსთავის გადაცემა Free Live-ში განაცხადა, მუმლაძე აღნიშნულ ბიზნესმენს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც მან 35 წლის მამაკაცის ლიკვიდაცია განიზრახა.
ადვოკატი ბიზნესმენის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ მისი სახელი გამოძიებისთვის უკვე ცნობილია.
„აღნიშნულ საქმეს ჰყავს დამკვეთი. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, დავით მუმლაძე კონფლიქტში იყო ერთ-ერთ ცნობილ ქართველ ბიზნესმენთან. დასახელებისგან თავს შევიკავებ, რათა გამოძიებას ხელი არ შევუშალო. სწორედ მის მიერ მოხდა ამ საქმის დაკვეთა,“ - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა რუსთავში გამორიყა. მას ოჯახი 6 დღის განმავლობაში ეძებდა. ცხედარს სხეულზე 30-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. საქმეზე 5 პირია დაკავებული. მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელია. სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.