logo
ENG



დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა პოლიციელებმა ბრალი აღიარეს

14 ოქტ 201916:46
3 წუთის საკითხავი
 
mqhhxs6ky4nnjqq.jpeg

35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა პოლიციელებმა ბრალი აღიარეს. პოლიციელთა ჩვენებები დღეს მედიაში გავრცელდა. 

„2019 წლის სექტემბერში ჩემი სიძე მოვიდა რუსთავში და მითხრა, რომ ერთ პიროვნებასთან, რომელიც მისი რაიონელი იყო, დავით მუმლაძეთან ჰქონდა კონფლიქტი და მთხოვა დახმარება. მითხრა, რომ ემუქრებოდა მას და მის ოჯახს. შევთანხმდით, რომ ოქტომბრის პირველ რიცხვებში ჩავიდოდით თბილისში, შევხვდებოდით ჩემი სიძის მეგობარს გიორგი გეთაშვილს, რომელიც მანქანაში ჩაისვამდა ზურა დადაშელს (დავით მუმლაძეს) შემდეგ კი იძლებით გადმოვსვამდით ჩვენს მანქანაში. როცა იმ პირს უკანონოდ აღვუკვეთეთ თავისუფლება, ის გახარებული იყო, რადგან ვიყავით პოლიციის თანამშრომლები და არა ვინმე სხვა. მისი განმარტებით, მას ჰყავდა მტრები, ახსენებდა ვიღაც ზურას, რომელსაც რაღაც ენები მიუტანეს და გადაკიდებული იყო მასზე,“ - ნათქვამია ერთ-ერთი პოლიციელის ჩვენებაში.

აღსანიშნავია, რომ გამოძიების დაწყების დროს, არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებდა.

საპირისპიროს აცხადებს საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული გიორგი გეთაშვილის ოჯახი და აღნიშნავს, რომ პოლიციელებზე ხელის დაფარების მოტივით, გამოძიება "ხელის შეხოცვას გეთაშვილზე ცდილობს."

დაკავებული გეთაშვილის მეუღლის ინფორმაციით, გარდა დაკავებულებისა, საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც ცხედრის პოვნამდე, ორი დღით ადრე, მისი მეუღლისგან მიიღო პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულზე ინფორმაცია, თუმცა რეაგირება არ მოახდინა. ის ვარაუდობს, რომ აღნიშნული მაღალჩინოსანი პოლიციელებზე ხელის გადაფარებას ცდილობდა. 

თავად გეთაშვილი, ბრალდებულ პოლიციელებს მის გატაცებაში და მუქარაში ადანაშაულებს, სწორედ ამით ხსნის ორდღიან დუმილს, თუ რატომ არ გაამხილა მუმლაძის გატაცების ამბავი.

პოლიციელების ჩვენებს არ ეთანხმება საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის, გიორგი ასათიანის უფლებადამცველი. 

"გიორგი ასათიანი გარდაცვლი მუმლაძის შვილის ნათლიაა. მან როგორც კი შეიტყო ამბავი, მეორე დღეს ქუთაისიდან თბილისში ჩამოვიდა. ოჯახში მიდიოდა როცა დააკავეს. თუ ადამიანი დამნაშავეა, ის გარბის," - აცხადებს ასათიანის ადვოკატი. 

 

გეთაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, კი საქმეში ასევე არსებობს ერთი პირი - მკვლელობის დამკვეთი, რომლის ვინაობასაც ჯერჯერობით არ ასახელებს. თუმცა აღნიშნავს, რომ ის გავლენიანი ქართველი ბიზნესმენია.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი, მტკვარმა რუსთავში გამორიყა. მას ოჯახი 6 დღის განმავლობაში ეძებდა. ცხედარს, სხეულზე 30-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. საქმეზე 5 პირია დაკავებული. მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელია. სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  

 


close დახურვა