საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, ანაკლიის პორტისთვის საჭირო მიწები სახელმწიფომ შეისყიდა. საგანელიძე კიდევ ერთხელ ახსენებს კონსორციუმს საკუთარ ვალდებულებებს და იმედს გამოთქვამს, რომ მის შესრულებას კონსორციუმში დროულად შეძლებენ. ამის შესახებ საგანელიძემ ანაკლიის პორტის თემის პარლემენტში განხილვის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენ დაახლოების 60 მილიონი უკვე დახარჯული გვაქვს ანაკლიის პორტისთვის საჭირო ტერიტორიების შესყიდვისთვის. იქ იყო მოსახლეობა, სხვადასხვა კომპანიები და ეს გამოისყიდა სახელმწიფომ, ეს ეტაპი ფონდისგან გაკეთებულია. მე იმედი მაქვს, რომ ეს კონსორციუმი ამ ვალდებულებების შესრულებას შეძლებს. დღესაც მქონდა საუბარი კონსორციუმის წარმომადგენლებთან. ალბათ ეს დრო მათთვის იქნება საკმარისი თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლად,“ - განაცხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატების ნაწილი მოითხოვს ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით პარლამენტში ღია მოსმენა გაიმართოს. საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე მზადყოფნა უკვე გამოხატა ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, ვალდებულებების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს.