logo
ENG



დავით ხიდაშელი მის ჩვენებებსა და ინტერვიუებს შორის განსხვავებებს ახალ ჩვენებაში განმარტავს

20 ოქტ 202015:37
3 წუთის საკითხავი
clock 834

პროკურატურის განმეორებით, გამოკითხვაში კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი დავით ხიდაშელი განმარტავს, თუ რატომ განსხვავდებოდა საქმესთან დაკავშირებულ მოვლენათა მიმდევრობა მის პირველ გამოკითხვასა და ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ხიდაშელმა პროკურატურისთვის 2020 წლის 25 აგვისტოს მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ მას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი ძველი რუკების მოძიება მისმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ 2019 წლის ოქტომბერში სთხოვა. 

მომდევნო თვეში რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში კი ხიდაშელმა განაცხადა, რომ რუკების მოძიების თხოვნით მას 2019 წლის სექტემბერში ბიძინა ივანიშვილი დაუკავშირდა. 

ხიდაშელის მტკიცებით, ეს ორი ვერსია ერთმანეთს არ გამორიცხავს და პირიქით, მოვლენათა რეალურ სურათს ავსებს. 

ხიდაშელი პროკურატურას უყვება, რომ სექტემბერში ბიძინა ივანიშვილმა რუკების მოძიების თხოვნით დაურეკა, თუმცა დეტალური ინფორმაცია ამ რუკების შესახებ არ მიუწოდებია. 

"ჩვენი საუბარი იყო ზოგადი ხასიათის, შესაბამისად, ჩემთვის უცნობი დარჩა, კონკრეტულად რა საარქივო მასალის მოძიება იყო საჭირო. აქვე აღვნიშნავ, რომ კარტოგრაფიული მასალის მოძიება შესატყვისი რუკების ნომენკლატურის მონაცემების გარეშე შეუძლებელია", - განმარტავს ხიდაშელი. 

ხიდაშელის მტკიცებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი საქართველოში არ იმყოფებოდა, ადგილობრივ უწყებებთან, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროსთან უშუალო კომუნიკაციას მისი მეგობარი ბეჟან მაისურაძე ამყარებდა. მისი თქმით, სწორედ მაისურაძე შეხვდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და სწორედ მან გაარკვია დეტალურად, თუ რა რუკების მოძიება იქნებოდა საჭირო და ეს ინფორმაცია ხიდაშელს გადასცა. 

"ბეჟან მაისურაძემ გადმომცა გარკვეული დოკუმენტების ასლები და მთხოვა, პირადად მომეძიებინა დედანი მასალა", - უყვება ხიდაშელი პროკურატურას. 

მისი თქმით, სწორედ იმიტომ არ დაასახელა გამოძიებასთან რეალური დამკვეთის სახელი და გვარი, რომ ბიძინა ივანიშვილს მისთვის, თავდაცვის მინისტრ ღარიბაშვილის ტელეფონის ნომრის გარდა, დეტალური ინფორმაცია მოსაძიებელი რუკების შესახებ არ მიუწოდებია.

ხიდაშელის შეფასებით, იმ ფაქტს, რომ რუკების მოძიება მას სახელისუფლებო პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა დაავალა, "არავითარი სამართლებრივი მნიშვნელობა" არ ჰქონდა. 

სამაგიეროდ, გადამწყვეტი სამართლებრივი მნიშვნელობა შეიძინეს ხიდაშელის მიერ გამოგზავნილმა რუკებმა საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი ხელმძღვანელისთვისა და წევრისთვის. რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებამ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი 7 ოქტომბერს დააკავა. 

გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

თავად დაკავებული კარტოგრაფები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იგივე მოსაზრება აქვს ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს.

მმართველი პარტიის წარმომადგენელთა არაერთი მინიშნებით კი, საქმე შესაძლოა ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირთა გასამართლებამდეც მივიდეს. 


close დახურვა