logo
ENG



დავით ხიდაშელმა ტექნიკურ უნივერსიტეტში ფონდი დააფუძნა

27 იან 202320:20
3 წუთის საკითხავი
 

ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ბიზნეს პარტნიორი, რუსი სანქცირებული ბიზნესმენის ვლადიმერ ევტუშენკოვის ახლო მეგობარი, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ახლა უკვე ტექნიკური უნივერსიტეტით ინტერესდება. ხიდაშელმა უნივვერსიტეტში ფონდი დააფუძნა. 

ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, მიხეილ ჯანიკაშვილი ამბობს, რომ გაიცნეს ხიდაშელი, რომელმაც სურვილი გამოთქვა, "თავისი თანხა ჩაედო ქველმოქმედებაში".

დავით ხიდაშელი უნივერსიტეტში გასული წლის ბოლოს მივიდა. ამ დროს უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ხიდაშელი უნივერსიტეტში ფონდის დაფუძნებას აპირებდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდი 19 დეკემბერს დარეგისტრირდა. მისამართი იგივეა, კოსტავას ქუჩა, 77 ნომერი - უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა.

"აფინანსებს თვითონ, ეს არის მისი კეთილი ნება. ის რომ ჩარიცხავს, წარვადგენთ პროექტებს, ფონდი განიხილავს რომელი პროექტი უნდა განხორციელდეს", - თქვა ფორმულასთან ჯანიკაშვილმა.

აკადემიური საბჭოს წევრი ფორმულას ეუბნება, რომ დავით ხიდაშელთან შეხვედრაზე კითხვა - რა ინტერესი აქვს ბიზნესმენს უნივერსიტეტში - საბჭოს წევრებს არ დაუსვამთ. განმარტება არც თავად ხიდაშელს გაუკეთებია. ტექნიკურ-მეცნიერებათა დოქტორის, მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, უნივერსიტეტმა ფონდს მრეწველობის განვითარებისთვის იდეები უნდა შესთავაზოს. მისი ინფორმაციით, ფონდის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარი იქნება. რა დოზით იყო გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული სახელმწიფო ჯანიკაშვილი ამბობს, რომ არ იცის.

"ვერ გეტყვით, ვისი ინიციატივით მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ შემსრულებლები, ხომ?.. არის საკითხები, რომლებიც მე არ ვიცი. [კითხვები ინტერესებთან დაკავშირებით] არა, მე არ მაინტერესებს. იცით, რა, მთელი შინაარსი ეს არის, რომ მე არ მაინტერესებს მისი ინტერესი, მან ფული ჩადო, არც უთქვამს, რა მიმართულება უნდა", - ამბობს ჯანიკაშვილი.

დავით ხიდაშელის ახალ ინტერესზე ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმაცია ჯერ მხოლოდ აკადემიურ საბჭოს და ადმინისტრაციას აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფონდი ოფიციალურად დარეგისტრირდა , უნივერსიტეტის აკადემიური წრე ინფორმირებული არ არის.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ხიდაშელის ფონდის დირექტორი მისივე ბიზნესპარტნიორი რევაზ მაისურაძეა. მაისურაძე 2017 წელს რეგისტრირებული შპს გლობალ ვიქთორი ჯეორჯიასთანაა დაკავშირებული. კომპანიის წილს მთლიანად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული Global Victory Investments Limited ფლობს, რომლის მესაკუთრეები დავით ხიდაშელი და მისი შვილი, მარიამ ხიდაშელი არიან. ამ კომპანიას გადაეცა 49-წლიანი იჯარით რაჭაში 105 ათასი ჰექტარი მიწა და ამავე კომპანიამ იყიდა საბაზრო ფასზე თითქმის 9-ჯერ ნაკლებად ე.წ. რიყის დოქები თბილისში.

რა მიზნით შექმნა ფონდი ტექნიკურ უნივერსიტეტში დავით ხიდაშელმა, ვკითხეთ რევაზ მაისურაძე. მან გვითხრა, რომ დავით ხიდაშელს ბიზნეს ინტერესი ფონდთან დაკავშირებით არ აქვს.

"ფონდის შექმნის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა. არამომგებიანი ორგანიზაციაა და ბიზნესინტერესი საერთოდ არ არსებობს", თქვა ფორმულასთან მაისურაძემ.

დავით ხიდაშელის ქველმოქმედების არ სჯერა ირაკლი აბესაძეს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ სანქცირებულ ვლადიმერ ევტუშენკოვთან და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელი ცდილობს მნიშვნელოვანი ობიექტები დაისაკუთროს, რაც შესაძლოა საქართველოს უსაფრთხოებას დამატებით გამოწვევებს უქმნიდეს.

"რა კავშირები აქვს გარდა რუსეთისა, ჩემთვის ცნობილი არაა, ის რომ ქვეყანას მიექაჩებიან რუსეთისკენ, ამ პოლიტიკას ნამდვილად შესაბამისობაშია ფაქტობრივად რუსი ოლიგარქ ხიდაშელის თავმჯდომარეობა ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდთან. რაში შეიძლება გამოიყენოს ტექნიკური უნივერსიტეტის ძალიან დიდი ფინანსური რესურსი, საბიუჯეტო დაფინანსება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა თუ სამეცნიერო-ტექნიკური შესაძლებლობები ხიდაშელმა, ეს ახლო მომავალში გამოჩნდება", - ამბობს ირაკლი აბესაძე.

ფორმულას ინფორმაციით, დავით ხიდაშელს ინტერესები შესაძლოა ანაკლიის პორტის მშენებლობასაც უკავშირდებოდეს. ამ თემაზე ბიზნესმენის აუდიო-ჩანაწერი ფორმულამ რამდენიმე თვის წინ გაავრცელა.


close დახურვა