logo
ENG



დავითაშვილი: 2021–ში გვქონდა ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა

31 იან 202213:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/31/doqvz1yg21xeldg.jpg
mepa.gov.ge

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ 2021 წელს საქართველოში არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და აღდგენა გვაქვს.

დავითაშვილის თქმით, 2020 წელს პანდემიის შედეგად ეკონომიკური დანაკარგი სრულად აღდგენილია.

ასევე, დავითაშვილი ამბობს, რომ გამართლდა მთავრობის პროგნოზი, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნებოდა და მისი თქმითვე, საქართველოს მთავრობის პროგნოზი უფრო ზუსტი იყო, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების.

"ეკონომიკური ზრდის მონაცემები იცით, 2021 წლის, დღეის მდგომარეობით, ანუ წინასწარი შეფასებებით რაც გვაქვს ეს არის 10.6%, ამით ჩვენ შევძელით, რომ ეკონომიკის აღდგენა რეალურად მოგვეხდინა და პანდემიამდელ მაჩვენებელს 3.6%–ით უსწრებს ეკონომიკა, შესაბამისად, მოხდა ის, რომ ის დანაკარგი, რაც 2020 წელს მივიღეთ ეკონომიკის შემცირებით, ფაქტიურად სრულად არის აღდგენილი.

ბოლო მონაცემებით, დეკემბრის მონაცემები საქსტატმა უკვე შეაფასა და 9.6% იყო ეკონომიკური ზრდა 2020 წელთან შედარებით, ამან მოგვცა საბოლოოდ ის სურათი, რომ ჩვენი პროგნოზი რაც იყო, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა 2021 წელს სრულად გამართლდა, ჩვენი პროგნოზი ბევრად უფრო ზუსტი იყო ვიდრე ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზები, რომლებიც უფრო კონსერვატორულ მაჩვენებლებს ვარაუდობდნენ, თუმცა დაზუსტდა დღეს მონაცემები და მართლაც, ჩვენ გვქონდა არამარტო საქართველოში, არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად ეკონომიკის აღდგენა 2021 წელს" – ამბობს ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით ეკონომიკის წასახალისებლად სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება, მათ შორის მოსახლეობის დასაქმება, რაც მინისტრის თქმით სიღარიბის დასაძლებად აუცილებელია.

დავითაშვილის თქმით, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ათეულობით ათასს დამატებით სამუშაო ადგილს შექმნიან სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. დასაქმების პროგრამის პრეზენტაციას მომავალ კვირაში ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს.


close დახურვა