ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთს 14 წელია, ოკუპირებული აქვს ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.
მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დავითაშვილმა ღარიბაშვილის განცხადება ასე განმარტა:
"ვფიქრობ, თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ პრემიერმა ყველაფერი მშვენივრად იცის. ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იცის ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში რა და როდის ხდებოდა, მაგრამ ფაქტებს ვერ გავექცევით, ვერ დავმალავთ. აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, კოდორის ხეობა, ზუსტად ამ პერიოდში დაიკარგა"- თქვა დავითაშვილმა.
აფხაზეთის ომი 1992-1993 წლებში მიმდინარეობდა. სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა - 29 წლის წინ, ხოლო ცხინვალის რეგიონში სეპარატისტულმა ძალებმა "დამოუკიდებლობა" 1990 წელს გამოაცხადეს, რასაც სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა. 1992 წლიდან (სოჭის ხელშეკრულება) რეგიონში განთავსდა "მშვიდობისმყოფელთა" შერეული ძალები. 2008 წლის ომის შემდეგ რეგიონს მთლიანად რუსეთის ხელისუფლება აკონტროლებს.
რაც შეეხება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 2021 წლის 21 იანვარს გამოვიდა - მასში ნათქვამია, რომ "რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევისათვის. შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ".