logo
ENG



დავითაშვილი მელაშვილის ბრალზე: სამუშაო რუკები არ წარმოადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს

08 ოქტ 202014:27
3 წუთის საკითხავი
 
2dfuz0xs59hq2ur.jpg

პოლიტოლოგი ზურაბ დავითაშვილი Facebook-ზე  გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სამუშაო რუკები არ წარმოადგენენ დამტკიცებულ, ოფიციალურ დოკუმენტს და მათ არგუმენტად ვერ გამოიყენებ საზღვრის დემარკაციის დროს.

დავითაშვილის თქმით, მელაშვილისა და ილიჩოვას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს აბსურდს უწოდებს.

"ნუთუ, ქართული ოცნების წევრებსა და მხარდამჭერებს შორის არ არიან კარტოგრაფები და გეოგრაფები, რომლებიც აუხსნიდნენ, რომ მსხვილმასშტაბიანი რუკები (და ყველა ასეთ ოფიციალურ რუკას ამტკიცებდა გეოდეზიის და კარტოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტი, რომელიც ხან გენშტაბს და ხან შსს-ს ექვემდებარებოდა, ამასთანავე, საბჭოთა პერიოდში მათ ედო გრიფი "სამსახურეობრივი სარგებლობისთვის" და ამიტომ თითოეული ფურცელი მკაცრ კონტროლზე იყო აყვანილი) შეუძლებელია უცნობი ყოფილიყო, ანდა უცბად დაკარგულიყო და მერე ვიღაც ბიზნესმენი სადღაც ყიდულობდეს? ეს ხომ აბსურდია. ხოლო, თუ ლაპარაკია სამუშაო რუკებზე, ისინი არ წარმოადგენენ დამტკიცებულ, ოფიციალურ დოკუმენტს და მათ არგუმენტად ვერ გამოიყენებ საზღვრის დემარკაციის დროს", - წერს დავითაშვილი.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირში ზუსტი ტოპოგრაფიული რუკები ყოველ 8-10 წელში ახლდებოდა, ზუსტდებოდა და ეს ეხებოდა რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციულ საზღვრებსაც, რომელთა შესწორებაც, საქართველოს სასარგებლოდ არ ხდებოდა.

დავითაშვილის თქმით, 1938 წლის რუკას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

"საქართველო აღიარებულია იმ საზღვრებში, რომელიც მას საბჭოთა პერიოდში ჰქონდა. ეს საზღვრები კი სწორედ საბჭოთა პერიოდის ბოლო ტოპოგრაფიულმა რუკების მიხედვით დემარკირდეს. თანაც ეს რუკები 1:200 000 -იანი კი არ უნდა იყოს, არამედ 1:50 000 ან 1:25 000-იანი", - წერს დავითაშვილი.

7 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ დააკავა და საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით ბრალი წარუდგინა დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელს, ივერი მელაშვილს და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას. 

პროკურატურის ამ ნაბიჯს ოპოზიციის, ექსპერტებისა და სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან პროტესტი მოჰყვა - ისინი საქმის უკან პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ და თემის წამოწევას წინასაარჩევნო სვლად აღიქვამენ.

გამოძიება დაკავებულებს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, 3500-მდე ჰექტარი უცხო ქვეყანას გადასცეს". როგორც პროკურატურა ამბობს, გამოძიება თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე 17 აგვისტოს დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ათიდან 15 წლამდე პატიმრობა ელოდებათ. 

აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვარი, არსებული ფორმით, 1938 წელს, საბჭოთა კავშირის პირობებში დადგინდა და ორმხრივად შეთანხმდა. თუმცა, დადგენილია სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილი - 294 კილომეტრი 446 კილომეტრიანი ზოლიდან. სწორედ შეუთანხმებელი საზღვრის დადგენაზე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ივერი მელაშვილი უძღვებოდა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ და არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000. 

კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით: "ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

მელაშვილი ბრალსარ აღიარებს. მან გირაოს შეფარდებაზეც უარი განაცხადა.

რა ვიცით დავით გარეჯზე - სრული მასალა იხილეთ ბმულზე.


close დახურვა