logo
ENG



მეუფე იაკობი: ივერი არის მატადორი, ჟურნალისტები გამოდიხართ ხარს რომ ესვრიან ხოლმე

06 მაი 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock 1414

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა კარტოგრაფი ივერი მელაშვილი "მატადორს" შეადარა, ჟურნალისტები კი "ლახვარს", რომელსაც ხარს ესვრიან. ამით სინოდის წევრმა მთავარი არხის ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ინციდენტი "შეგნებულ პროვოკაციად" შეაფასა.

"ვინ ნასვამი იყო და ვინ არა, არ ვიცი. გაქვთ საბუთი, რომ ნასვამები იყვნენ? თუ სუნი ამოდიოდათ? გუშინ პრემიერს ჰქონდა ვიზიტი. რა ვიცი, რომ ივერის მხრიდან ეს შეგნებული პროვოკაცია არ იყო, ხო? მე ის ადამიანი არ ვარ, რამე ვთქვა და ვინმემ მითხრას ბოდიში მოიხადეო. 

ივერის [მელაშვილს] რომ დაინახავ შევადარებდი კორიდას, ხართან რომ გადიან. ივერი არის მატადორი. ჟურნალისტები გამოდიხართ უბრალოდ, რომ ესვრიან ხოლმე, ლახვარს რომ არჭობენ, კლავთ ხარს, ხო? ის ხარი გირქენს მერე, წაგაქცევს. მერე მიაქვთ და აჭმევენ ადამიანებს, ხო? როცა მიდიხარ, პირნათელი ხომ უნდა იყო, თან 6000 ბერის ხსენების დღეა?! უბრალოდ, ცუდი რა არის იცით? ისეთ პერიოდში დაიჭირეს, სალაპარაკოდ გაუხდა ხალხს. მოეკიდათ ხელი მანამდე, ვის გაახსენდებოდა?" - ამბობს მეუფე იაკობი. 

დავით გარეჯში მომხდარს, ასევე "დაგეგმილი პროვოკაცია" უწოდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ. მან თქვა, რომ გარეჯში დღესასწაულის აღნიშვნისას და ხალხმრავლობისას ივერი მელაშვილი არ უნდა გამოჩენილიყო. 

დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს გუშინ, 4 მაისს დაესხნენ. ისინი გადაცემა შაბათის მთავარისთვის სიუჟეტს ამზადებდნენ. 

ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. ნაცემია ოპერატორი, დამტვრეულია კამერა. თავდასხმის შემდეგ მთავარი არხის მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს. 

რას ყვება ჟურნალისტი ნინუცა კეკელია, წაიკითხეთ აქ.

 


close დახურვა