ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცდილობს, "საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები მთავრობას შორის მოლაპარაკებად გაასაღოს". ამის შესახებ მან ფორმულას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დავითულიანი ირწმუნება, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხზე "არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობდა".
"არანაირი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ ყოფილა, საქართველოსა და რუსეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, ლავროვი ცდილობს, რომ საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, მაგალითად თვითმფრინავი რომ დაჯდეს, საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკებად გაასაღოს და ამით დააზიანოს საქართველოს მოქმედი მთავრობა, იმიტომ რომ მან იცის, რომ მისი ყოველი პოზიტიური შეფასება საქართველოში არის ნეგატიურად აღქმული და ეს ასეა", - აცხადებს დავითულიანი.
ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, არის თუ არა სერგეი ლავროვის განცხადება ტყუილი, დავითულიანი პასუხობს: "არა, მე გითხარით ჩემი პასუხი, ეს არის თქვენი შეფასება".
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ინტერესით იყო განპირობებული. კერძოდ, ლავროვი ამბობს, რომ ქართული ოცნება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებითაა დაინტერესებული.
როგორც ლავროვმა TASS-თან ინტერვიუში აღნიშნა, უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს უფრო კომფორტულს ხდის.
ლავროვი ურთიერთობების დაძაბვაში კვლავ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს და ანტიდასავლური რიტორიკის გამოყენებით ამბობს, რომ "სააკაშვილმა აშშ-ის წახალისებით ხელი აწია საკუთარ მოქალაქეებზე".