logo
ENG



დავითულიანი: ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს

18 ნოე 202112:56
3 წუთის საკითხავი
 
დავითულიანი: ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს

ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ სახალხო დამცველი თავისი ქმედებებით "მეორე მხარეს" უწყობს ხელს. იგი აღნიშნავს, რომ არ იცის, ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა სუბიექტურია თუ არა, მაგრამ "ადამიანების სტატუსები" რომ წააკითხეს, მიხვდა, რომ "შეიძლება სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ".

"მთელი ეს პროცესი აბსოლუტურად პოლიტიზებულია. აქ ჯანმრთელობა არაფერ შუაშია. ჯანმრთელობა გამოიყენება, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის. აქ ვიღაცები, რაღაც ინსტიტუციები, რაღაც ჯგუფები ირჩევენ მხარეს. ჩემი აზრით, ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს და ის ამ მოძრაობაში და პროცესში, უფრო ხელს უწყობს მეორე მხარეს", - აცხადებს დავითულიანი.

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა. ECHR-მა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ამასთან, მიუთითა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. 

სააკაშვილი ამბობს, რომ შიმშილობას გარკვეული პირობების საფუძველზე შეწყვეტს, ერთ-ერთი კი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა, სადაც რეაბილიტაციის გავლას სათანადოდ შეძლებს. მისი პირადი ექიმი და ადვოკატები აღნიშნავენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში სათანადო მკურნალობას ვერ იღებს, პაციენტის მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება. 

სახალხო დამცველმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უნდობლობა უკვე გამოუცხადეს. 

კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, ისინი ერთხმად შეჯერდნენ იმაზე, რომ გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფო "ცუდად აღჭურვილი არ არის", თუმცა, ის მაინც არ არის მზად იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავს პაციენტს უმკურნალოს. 

"პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­დებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - აღნიშნულია დასკვნაში. 


close დახურვა