თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იგეგმება.
გიორგი რურუას ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე დაიკითხებიან ბრალდების ის მოწმეები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ რურუას დაკავებაში.
„გაგრძელდება საქმის განხილვა და დაიკითხება ბრალდების მხარის სამი მოწმე. იმ სამმართველოს უფროსი, ვინც დააკავა რურუა, ვინც ცეცხლსასროლი ჩაუდო, ასევე, კერძო კომპანიის წარმომადგენელი, ვის შენობაზეც კამერებია განთავსებული და ექვსი კამერიდან ერთი იყურებოდა შემთხვევების მხარეს, მაგრამ არ მუშაობდა, როგორც აღმოჩნდა. ჩვენი მოწმეების სია საკმაოდ გრძელია - პოლიტიკოსები და ის ადამიანები, ვინც არ ჩათვალა სასამართლომ, რომ საჭირო იყო დაეკითხათ", - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს.