logo
ENG



დაკავებული კარტოგრაფების წინასასამართლო სხდომის პარალელურად 14:00 საათზე აქცია გაიმართება

27 იან 202120:47
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/27/76qa80nyvy9zrmu.jpg

ხვალ, 28 იანვარს დაკავებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერები სასამართლოსთან მხარდამჭერ აქციას გეგმავენ. პროცესი 14 საათზეა დაგეგმილი. ადვოკატები გეგმავენ, დაკავებულების გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენონ. 

"ივერისა და ნატალიას პატიმრობა ქვეყნის სირცხვილია. ამიტომ, 28 იანვარს 14:00 საათზე საქალაქო სასამართლოს ეზოში გამოვუცხადოთ მხარდაჭერა პოლიტპატიმრებს და შევახსენოთ საკუთარ თავსაც, რომ თავისუფლებისთვის ომში მხოლოდ ერთად გავიმარჯვებთ!", - წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში. 

კარტოგრაფების გათავისუფლება პოლიტიკური მოლაპარაკებების ნაწილია. ოპოზიციამ აცხადებს, რომ ისინი, მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუასთან ერთად, პოლიტპატიმრები არიან. მათ ეს მოთხოვნა სხვა პუნქტებთან ერთად ხელისუფლებას წაუყენეს, თუმცა ქართულ ოცნებაში აცხადებენ რომ "ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს". 

21 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ ფარული ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც, მათი ინფორმაციით, დაკავებული კარტოგრაფის, ივერი მელაშვილისა და საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს საუბარია ასახული. საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ჩანაწერით "დასტურდება, რომ მათი როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს".

როგორც ირკვევა, პროკურტურა იველი მელაშვილს დაკავებამდე საკუთარ სამუშაო ოთახში აყურადებდა. უწყების ინფორმაციით, ჩანაწერი 2020 წლის 28 სექტემბრით თარიღდება.

  • პროკურატურის განცხადება სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. 

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა. 

გამოძიება სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, ირღევა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. 

 

 


close დახურვა