გლდანში დაკავებული ოპოზიციონერები გაათავისუფლეს, მომდევნო სხდომა კი 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე გადაიდო. სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ მათ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთეს. მელიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება კრიმინალებზე დგას და ის შესაცვლელია.
"თუ კი ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა, ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული. უბრალოდ ეს არის შეუსრულებელი და მიუღწეველი მისია. ეს ხელისუფლება შესაცვლელია, ხელისუფლება, რომელიც დგას კრიმინალებზე", - განაცხადა მელიამ.
ბაჩო დოლიძის თქმით, პოლიცია არ რეაგირებს იმაზე, რომ სადამსჯელო ჯგუფები ქალაქში დათარეშობენ და თუ ამაზე პროტესტს გამოთქვამ, დამნაშავედ გაცხადებენ.
"ის, რომ დღეს ჩვეულებრივად სადამსჯელო ჯგუფები დათარეშობენ თბილისში, ეს არის შემდგარი ფაქტი. ის, რომ პოლიცია ვერ რეაგირებს ამ ყველაფერზე, ან უარესს შემთხვევაში, არ რეაგირებს, ესეც შემდგარი ფაქტია. თურმე შეიძლება, რომ 60 ადამიანი, ბავშვების, ოჯახის თვალწინ დაგხვდნენ, გაგისწორდნენ და პოლიცია ვერ ხედავდეს და შენ თუ კითხვა გიჩნდება ამ ყველაფრის წინაშე, შენ დამნაშავე ხარ", - ამბობს დოლიძე.
***
მელია, დოლიძე და კუპრავა პოცილიამ ადმინისტრაციული წესით გლდანში მაშინ დააკავა, რაც ისინი ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ თანაგუნდელის სახლთან მივიდნენ. მოგვიანებით, შსს-ში თქვეს, რომ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, რის გამოც დაზიანებები აქვთ და გამოძიება პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაიწყეს.
გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ რამდენიმე საათით ადრე საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.
თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად ათობით ადამიანი დაესხა თავს. ზარნაძე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.
შსს-მა გლდანში თბილისის საკრებულოს დეპუტატებისა და მისი მეგორების ჯგუფურად ცემის ბრალდებით 6 პირი დააკავა - დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.