logo
ENG



დაკავებული პოლიციელი პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების ფორმულირებას არ ეთანხმება

21 აპრ 202018:52
3 წუთის საკითხავი
 

დაკავებული პოლიციელი, რომლის მიერ უმისამართოდ გასროლილ ტყვიასაც ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების ფორმულირებას არ ეთანხმება. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა ნუგზარ წერეთელმა განაცხადა.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გასროლა სამსახურეობრივი იარაღიდან განახორციელა, თუმცა რატომ ჰქონდა პოლიციელს იარაღი სახლში, ამაზე უფლებადამცველი ვერ საუბრობს.

„ბრალი წარუდგინეს, შეცვალეს კვლიფიკაცია 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით, რასაც ბრალდებული არ ეთანხმება, არც მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები არ ვეთანხმებით. დაველოდებით სასამართლო პროცესს. ბრალის ფორმულირება არის ის რომ დაკავებული ითვალისწინებდა მის განხორციელებული მოქმედების შედეგს, თუმცა გულგრილად ეკიდებოდა მას. ანუ ითვალისწინებდა იმას, რომ მის მიერ გასროლას მოჰყვებოდა ადამიანის მკვლელობა, თუმცა გულგრილად ეკიდებოდა ამ შედეგს თუმცა შედეგი დადგა. „ვიკინგის“ ტიპის იარაღია, თუმცა მწარმოებელი, მოდელი და ასე შემდეგ, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. სახლში ჰქონდა სამსახურეობრივი იარაღი, თუ რატომ ეს ჯერ არ ვიცით. სუფრასთან არავითარ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია და გასროლის მომენტს არც ერთი სტუმარი არ შესწრებია“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, დაკავებულ პოლიციელს სსკ-ის 116-ე მუხლი, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, პროკურატურამ დღეს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით გადაუკვალიფიცირა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 


close დახურვა