ხაშურში მომხდარი ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე მისი ყოფილი მეუღლე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი პირის ადგილსამყოფელი მალევე დაადგინეს და მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პირადი ჩხრეკისას პოლიციამ 2 ხელყუმბარა და სანადირო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ნათია გოგალაძეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.