აშშ-ის სანაპირო დაცვის განცხადებით, დაკარგული ტურისტული წყალქვეშა აპარატის ძებნისას კანადურმა თვითმფრინავმა ჩრდილო ატლანტიკაში ხმები აღმოაჩინა. სანაპირო დაცვამ არ დააკონკრეტა ბგერების ხასიათი და ინტენსივობა ან ის, თუ როგორ აღმოაჩინეს.
CNN-მა აშშ-ის შიდა სამთავრობო კომუნიკაციებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძებნის არეალში კანადურმა თვითმფრინავმა დარტყმის ხმები 30-წუთიანი ინტერვალებით აღმოაჩინა.
Rolling Stone-მა, რომელმაც პირველმა გაავრცელა აღნიშნული ინფორმაცია, დაწერა, რომ ხმები აღმოჩენილ იქნა ულტრაბგერითი ტივტივების მიერ, რომლებიც იმ სამძებრო არეალთან ახლოს იყო განლაგებული და ოთხი საათის შემდეგ ჰიდროლოკატორმა ახალი დარტყმები დააფიქსირა.
წყალქვეშა აპარატ "ტიტანის" მასშტაბური სამძებრო სამუშაოები ჩრდილო ატლანტიკის ოკეანეში მიმდინარეობს. ტურისტულ აპარატში სამი მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფება, ისინი ჩაძირული ლაინერის ტიტანიკის ნარჩენების შესწავლას აპირებდნენ. პოლარ პრინსის კვლევითმა ხომალდმა ბატისკაფის ეკიპაჟთან კონტაქტი კვირას, ჩაყვინთვიდან ერთ საათსა და 45 წუთში დაკარგა. ეს მოხდა ამერიკის სანაპიროდან დაახლოებით 1450 კმ-ში და კანადის კუნძულ ნიუფაუნდლენდიდან დაახლოებით 700 კმ-ში, საიდანაც დაიწყო ექსპედიცია. აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, წყალქვეშა აპარატზე ჟანგბადი სავარაუდოდ ხუთშაბათამდე ეყოფათ.
კომპანია OceanGate-ის განცხადებით, რომელსაც ეკუთვნის დაკარგული აპარატი, განაცხადა, რომ აკეთებს ყველაფერს, რათა გადაარჩინოს ხალხი. სამძებრო სამუშაოებს აშშ-ისა და კანადის სამხედროები ატარებენ, მათ სამოქალაქო მეზღვაურებიც ეხმარებიან.
ბორტზე არიან 59 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი და მოგზაურო ჰემიშ ჰარდინგი, პაკისტანელ-ბრიტანელი ბიზნესმენი შახზადა დავუდი და მისი შვილი სულემანი. ამასთან, ბორტზე იმყოფებიან OceanGate-ის გენერალური დირექტორი სტოკტონ რაში და ყოფილი ფრანგი სამხედრო მყვინთავი და ტიტანიკის მკვლევარი პოლ-ანრი ნარჟოლე, რომელიც მართავს აპარატს.