logo
ENG



დამკვირვებლების შეზღუდვა, ამომრჩევლის მოსყიდვა და სხვა - ISFED-ის გამოვლენილი დარღვევები

30 ოქტ 202123:11
3 წუთის საკითხავი
 
დამკვირვებლების შეზღუდვა, ამომრჩევლის მოსყიდვა და სხვა - ISFED-ის გამოვლენილი დარღვევები
ვახო ქარელი/ფორმულა

სამართლიანმა არჩევნებმა, რომლის დამკვირვებლებიც მთელი დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდნენ არჩევნებს, ათეულობით დარღვევა გამოავლინეს. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გამოვლინდა მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემა, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობა და მარკირების გაკეთება-შემოწმებასთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები.

ასევე, კვლავ გრძელდებოდა სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ტენდენცია, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარა/ზეწოლის ფაქტები.

ISFED-ის ცნობით, გამოვლინდა ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერებთან დაკავშირებული დარღვევები, მათ შორის ისეთი შემთხვევები როდესაც, ამომრჩეველს შესაბამის ველში მისი სახელით გაკეთებული ხელმოწერა დახვდა. რამდენიმე უბანზე იყო დაძაბული გარემო. 

სამართლიანი არჩევნები ასევე აღნიშნავს უბნებს გარეთ საეჭვო შეკრებისა და ამომრჩეველთა მობილიზების შემთხვევები, მათ შორის ავტომანქანებში. ზოგიერთ უბანზე მიმდინარეობდა ამომრჩეველთა აღრიცხვაც. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამკვირვებლებისთვის მტრული გარემოს შექმნის შემთხვევები, მათ შორის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიმართ.

თბილისში გამოვლინდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 2 შემთხვევა.

საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევები (14:00-20:00) 

14:00 საათის შემდგომ, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: 

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #72-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარე და ერთ-ერთი წევრი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიმართ გამოირჩევიან აგრესიით, უზღუდავენ დაკვირვების უფლებას, ემუქრებიან უბნიდან გაძევებით და უბანში თავისუფლად გადაადგილებისა და დაკვირვების შესაძლებლობას არ აძლევენ;

#17 თელავის საარჩევნო ოლქის #43 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს შეეზღუდა დამკვირვებლის უფლებები, მას არ მიეცა მარკირების სითხისა და მარკირების შესამოწმებელი ფანრის დათვალიერების უფლება. ამასთანავე, კომისიის თავმჯდომარე იჩენდა განსაკუთრებულ აგრესიას, უყვიროდა მას და ქმნიდა მტრულ გარემოს; 

#52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #1 უბნის თავმჯდომარე და მდივანი არიან ნასვამ მდგომარეობაში. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიით "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიმართ. მას არ მიეცა უბანზე დაკვირვების განხორციელებისა და საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა. მის მიმართ ზეწოლასა და შეურაცხყოფას ჰქონდა უკიდურესად მწვავე ხასიათი, რის გამოც დამკვირვებელმა გამოიძახა პოლიცია;

ზედმეტი კონვერტის ჩაგდება ყუთში 

#5 ისნის საარჩევნო ოლქის #71 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში, ყუთის ზედამხედველმა სპეციალური კონვერტი ჩააგდო. ამ ფაქტს უბანზე მოჰყვა შეხლა-შემოხლა და არეულობა, რის გამოც შეფერხდა საარჩევნო პროცესი და მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება არ ეძლეოდა. უბანზე არსებული დაპირისპირების გამო თავმჯდომარემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია. 

განმეორებით ხმის მიცემა

#59 ქუთაისის სარჩევნო ოლქის #91 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა ორჯერ - როგორც გადასატანი ყუთის მეშვეობით, ასევე საარჩევნო უბანზეც;

#67 ზუგდიდის #92 სარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა, რომელიც რეგისტრირებული იყო #36 საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში, ხმა მისცა როგორც #36-ე საარჩევნო უბანზე, ასევე #92-ე უბანზეც.

Ხმის მიცემის წესის დარღვევა

#9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #98 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა მარკირების გარეშე. პასუხისმგებელი რეგისტრატორი კომისიის წევრის განცხადებით, მას დაავიწყდა მარკირების სითხის დასხმა;

#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #83 საარჩევნო უბანზე მარკირების შემმოწმებელი ფანარი მარკირებას არ აფიქსირებს. სადეზინფექციო ხსნარით ხელის დამუშავებისას კი, მარკირების კვალი თითქმის სრულად იშლება;

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი ფანარი სათანადოდ არ მუშაობდა. ნაკადის მომწესრიგებელმა არაერთხელ მიუთითა თავმჯდომარეს ფანრის ხარვეზებზე, თუმცა თავმჯდომარე რეაგირებას არ ახდენდა. საბოლოოდ, საარჩევნო უბანმა ფანარი 15:40 საათზე შეცვალა, რის შემდგომაც მარკირების შემოწმება შესაძლებელი გახდა;

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე მეორე რეგისტრატორის მარკირების სითხე ხელის დამუშავების შედეგად შორდება; 

#3 საბურთალოს #26 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, რომელსაც ხელზე მარკირების კვალი ეტყობოდა, კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს;

#20 რუსთავის #39 საარჩევნო უბანზე მისულ სამ ამომრჩეველს მარკირების შესამოწმებელი ფანრით შემოწმებისას დაუფიქსირდათ მარკირება, თუმცა მათ მიეცათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება;

#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #5 უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელსაც ემჩნეოდა მარკირების კვალი. ამის მიუხედავად, მას კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა ხმის მიცემის შესაძლებლობა მისცეს;

#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #83 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, რომელსაც უფიქსირდებოდა მარკირება, თავმჯდომარის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით მიაცემინეს ხმა. მან სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავა ხელი რამდენჯერმე და ამტკიცებდა რომ ხელზე ჰქონდა ალერგია და არა მარკირება;

#20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა დააფიქსირა მარკირებული ამომრჩეველი, თუმცა მას მაინც მიაცემინეს ხმა;

#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე რამდენიმეჯერ დაფიქსირდა უკვე მარკირებული ამომრჩევლების მხრიდან უბანზე შესვლის მცდელობა (5 შემთხვევა).

არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა

#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #62 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ხმა მისცა პირადობის მოწმობის ასლის საფუძველზე. დამკვირვებლის მითითების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარეს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული დარღვევები 

#5 ისნის საარჩევნო ოლქის #50 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელიც იმყოფებოდა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში;

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა ბიულეტენი გასცა და სამაგიდო სიაში ხელი მოაწერინა ამომრჩეველს, რომელიც არ იყო რეგისტრირებული ამ უბანში. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიერ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, ამომრჩეველი უბნიდან გააბრუნეს ისე, რომ მას ხმა არ მიუცია. ამავე უბანზე მისულ ამომრჩეველს თავის გრაფაში ხელი მოწერილი დახვდა სხვის მიერ, თუმცა მისი სახელით, აღსანიშნავია, რომ ამ ამომრჩეველს სხვა ამომრჩევლის გრაფაში სთავაზობდნენ ხელის მოწერას. ამავე უბანზე კიდევ ორი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა; ამომრჩევლებს ხელი მოწერილი დახვდათ სხვის მიერ, თუმცა მათი სახელით; 

#67 ზუგდიდის #18 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა აღმოაჩინა მისი ხელმოწერის გასწვრივ სხვა პირის ხელმოწერა;

#83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #28-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს მისი გვარის გასწვრივ სიაში სხვა პირის ხელმოწერა დახვდა;

#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს სხვის ნაცვლად მოაწერინა ხელი. ამავე უბანზე ორ ამომრჩეველს ხელმოწერების ნაცვლად დასმული აქვთ ჯვრები. მათი ახსნა-განმარტებით არ იცოდნენ ხელმოწერა. ორივე ამომრჩეველს გადასცეს ბიულეტენები და მიაცემინეს ხმა; 

#7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების პირადი ნომრები მითითებული იყო შეცდომით. ასევე, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ბიულეტენებთან შედარებით ერთით ნაკლები ხელმოწერაა.

ამომრჩევლის აღრიცხვა

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #53 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორები ახორციელებენ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების ცალკე ფურცელზე აღრიცხვას მათი სახელისა და გვარების მითითებით.

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე გამოცხადდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, რომელსაც უბანზე შესვლისას არ ჰქონდა სამკერდე მოწმობა. ამასთან, იგი უბანზე ღიად ეწეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლო აგიტაციას. მოგვიანებით ამ პირმა ხმა მისცა იგივე უბანზე და კაბინაში გადაიღო ფოტო. მითითების მიუხედავად, კომისიის წევრებს დარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენიათ; 

#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #63 საარჩევნო უბანზე შევიდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების - „ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა“, „ახალგაზრდა თაობათა ლიგა“; „ანტიკორუფციული მედია-ცენტრი“ დამკვირვებლები, რომლებმაც კომისიის ერთ-ერთი წევრის მიმართ გამოთქვეს ბრალდება, რომ მან ერთ-ერთ ამომრჩეველს უკარნახა, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა. აღნიშნულს საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. კომისიამ დამკვირვებლების მიმართ შეადგინა გაძევების ოქმი, თუმცა კომისიის თავმჯდომარის მოწოდებას დამკვირვებლები არ დაემორჩილნენ. უბანზე ხმის მიცემის პროცესი დროებით შეფერხდა. საბოლოოდ, დამკვირვებლები უბნიდან პოლიციამ გაიყვანა. 

სხვა დარღვევები

#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #22 საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა ჯიბეში ჩაიდო მერის საარჩევნო ბიულეტენი; 

#20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანზე სისტემატიურად ირღვევა წესრიგი, დამკვირვებლებს, კომისიის წევრებსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირებაა. თავმჯდომარე არ ახდენს სათანადო რეაგირებას. მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, რეგისტრატორებს ხელი ეშლებათ ფუნქციის შესრულებაში; 

#10 გლდანის საარჩევნო ოლქის #110 საარჩევნო უბანზე რამდენჯერმე შევიდა მოქალაქე, რომელსაც „ანტიკორუფციული მედია ცენტრის“ სამკერდე მოწმობა ჰქონდა. კომისიის თავმჯდომარემ სთხოვა რეგისტრაციის გავლა. მისი მოწმობა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა გადაამოწმა მითითებული QR კოდით. აღმოჩდა, რომ სამკერდე მოწმობის მფლობელი რეალურად არის სხვა პირი; 

#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #62 საარჩევნო უბნის გახსნის მომენტიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარე თითქმის არ ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებებს, იმყოფება განცალკევებულ ოთახში და არ აქცევს ყურადღებას საარჩევნო უბანზე მიმდინარე პროცესს. დაახლოებით 1 საათის წინ მან საერთოდ დატოვა საარჩევნო უბანი და ამ დრომდე არ დაბრუნებულა.

უბნის გარეთ გამოვლენილი დარღვევები/ტენდენციები (14:00-20:00)

14:00 საათის შემდგომ, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:

პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის რადიუსში)

#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 10 მეტრში შეინიშნებოდა საეჭვო პირების შეკრება მსუბუქი ავტომობილებით;

#5 ისნის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა დაახლოებით 10 პირის შეკრება;

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მობილიზებული იყო სამი მიკროავტობუსი, რომლებშიც იმყოფებოდნენ “ქართული ოცნების” კოორდინატორები, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა სიებით და აღრიცხავდნენ ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს;

#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბნიდან 80-90 მეტრში შეკრებილი იყო პირთა ჯგუფი ავტომობილით, რომლებიც დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ პროცესს;

#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #3 უბანთან დიდი ხნის განმავლობაში მობილიზებული იყო მანქანა, რომელშიც იჯდა ორი მგზავრი;

#6 სამგორის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანთან შეკრებილი იყო ხუთამდე ე.წ. "ძველი ბიჭი", რომლებიც ეკონტაქტებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტთა კავშირის" უბანზე მყოფ წარმომადგენლებთან. კერძოდ, აღნიშნული ორგანიზაციის წევრები გამოდიოდნენ საარჩევნო უბნიდან და ინფორმაციას აწვდიდნენ ე.წ. "ძველ ბიჭებს".

პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის ფარგლებს გარეთ)

#2 საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება 100 მეტრის რადიუსის გარეთ. დროდადრო პირები რადიუსს შიგნითაც შემოდიოდნენ;

#6 სამგორის საარჩევნო ოლქის #110 უბანთან შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება, სამ სხვადასხვა მანქანაში. 

სავარაუდო მოსყიდვა

#5 ისნის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა სავარაუდო მოსყიდვის, კერძოდ, პირისთვის ფულის გადაცემის ფაქტი გარე პერიმეტრზე ხანგრძლივად მყოფი პირის მიერ. მოცემული პირი დღის განმავლობაში კომუნიკაციაში შედიოდა უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებთან. დაფიქსირდა იმავე პირის მიერ ამომრჩევლისთვის ლურჯი ფერის გაურკვეველი ბარათის გადაცემის ფაქტი;

#6 სამგორის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანთან დამკვირვებელმა დაინახა, რომ ნაკადის მომწესრიგებელს დაურეკა ტელეფონმა, რა დროსაც ეს უკანასკნელი გამოვიდა გარეთ და ერთ-ერთ ამომრჩეველს, რომელიც უკვე ტოვებდა კენჭისყრის შენობას, ხელიდან ხელში გადასცა დაკეცილი ქაღალდი, რომელიც, დიდი ალბათობით, იყო ფული. 

ზეწოლა/სიტყვიერი დაპირისპირება

#2 საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრის რადიუსის მოშორებით მობილიზებულ პირებსა და საარჩევნო უბნის აკრედიტებულ დამკვირვებელს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, მას შემდეგ, რაც დამკვირვებელმა ფოტოს გადაღება სცადა. სიტუაცია განიმუხტა პოლიციის ჩარევის შემდეგ;

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანთან კომისიის წევრის მიერ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მიმართ განხორციელდა ზეწოლა. აღნიშნული მოჰყვა დამკვირვებლის მიერ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული “ქართული ოცნების” კოორდინატორის მიერ ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტის დაფიქსირებას. დამკვირვებლის მიმართ ზეწოლა განხორციელდა უცხო პირების მხრიდანაც, რომლებიც დამკვირვებელს ფოტოს გადაღებაში სდებდნენ ბრალს;

#79 საარჩევნო ოლქის #98 საარჩევნო უბანზე 100 მეტრამდე მანძილზე უბნის მახლობლად დილიდან მდგარ მიკროავტობუსში მყოფ პირებს, სავარაუდოდ, ჰქონდათ ამომრჩეველთა სიები. დამკვირვებლის მიერ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, ერთ-ერთმა პირმა დამალა ფურცლები, რის შემდეგაც, დამკვირვებელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა;

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანთან შეკრებილი ე.წ. “ძველი ბიჭები”, “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ქმნიდნენ მის სამუშაოსთვის დამაბრკოლებელ და დამაშინებელ გარემოს. 

ამომრჩეველთა აღრიცხვა

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #102 საარჩევნო უბანთან ორი საეჭვო პირი, რვეულით ხელში, აღრიცხავდა უბანზე მისულ ამომრჩევლებს. დამკვირვებლის მიახლოებისას, მათ ადგილი დატოვეს ავტომობილით;

#7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანთან არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალგაზრდა ინიციატივა დემოკრატიისთვის" აკრედიტებული დამკვირვებელი, დროდადრო გამოდიოდა კენჭისყრის ოთახიდან გარეთ და ფურცელზე ინიშნავდა სახელსა და გვარებს, სავარაუდოდ, აწარმოებდა ამომრჩეველთა აღრიცხვას;

#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბნიდან გამოვიდა დამკვირვებელი, ტელეფონის მეშვეობით პირს უკარნახა რიცხვები, პირის სახელი და გვარი და საუბრისას აღნიშნა, რომ ეს პირი უკვე მოვიდა არჩევნებზე.

ამომრჩევლის ორგანიზებული (არაერთჯერადი) მობილიზება

#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდნენ პარტია "ქართული ოცნების" აქტივისტები, რომლებიც საარჩევნო უბანზე აცილებდნენ მოხუც პირებს. Მათ ჰკითხეს თუ რომელი კანდიდატის შემოხაზვას აპირებდა ამომრჩეველი. აღნიშნული პირები, იმყოფებოდნენ უბანთან მობილიზებული 7-8 მსუბუქ ავტომობილში;

#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #87 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა პირების მიერ ამომრჩევლების ერთი და იმავე მანქანით მობილიზება. მანქანის მძღოლს ერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია ,,ქართული ოცნების" აკრედიტებულ წარმომადგენელთან საარჩევნო უბანზე;

#5 ისნის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე ერთი და იმავე ავტომობილმა ოთხჯერ მიიყვანა სხვადასხვა რაოდენობის ამომრჩეველი ადგილზე.

# 7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” აკრედიტებული წარმომადგენელი გამოდიოდა კენჭისყრის შენობიდან და სატელეფონო კომუნიკაციით აორგანიზებდა ამომრჩევლების უბანზე მობილიზებას. კერძოდ, ურეკავდა პირებს და ეუბნებოდა, რომ დაბალი აქტივობის გამო, მოეყვანათ ამომრჩეველი ხმის მისაცემად. იმავე უბანზე 5-6 ჯერ ორმა სხვადასხვა მანქანამ მოიყვანა ამომრჩევლები;

#79 საარჩევნო ოლქის #98 საარჩევნო უბანთან მთელი დღის განმავლობაში ერთი და იგივე ავტომანქანა ახდენდა ამომრჩევლების ორგანიზებულ ტრანსპორტირებას;

#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანთან ორ ერთსა და იმავე ავტომანქანას მოჰყავდა ამომრჩევლები საარჩევნო უბანთან. მანქანის მძღოლები შედიოდნენ ერთმანეთთან კომუნიკაციაში. ერთ-ერთ მანქანას ჰქონდა დაკრული სტიკერი “41” ნომრით, რომელიც დამკვირვებლის მიერ ფაქტის იდენტიფიცირების შემდეგ მოაშორეს.

კოორდინატორების მობილიზება უბანთან

#79 საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში შეკრებილი იყო 3 კოორდინატორი, რომლებიც ამომრჩევლებს სატელეფონო კომუნიკაციით ხმის მისაცემად უბანზე მოსვლისკენ მოუწოდებდნენ. "სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს განუცხადეს, რომ ისინი “ქართული ოცნებიდან” იყვნენ და ამის უფლება ჰქონდათ;

#17 თელავის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბნიდან “ქართული ოცნების” აკრედიტებული წარმომადგენელი ხშირად გამოდიოდა და კომუნიკაციას ამყარებდა უბნის მოშორებით, ავტომობილში მყოფ პირთან. 

Საეჭვო პირის გადაადგილება საარჩევნო უბანთან

#7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა პირი ამომრჩეველთა სიით. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ პირს ერთ-ერთი ორგანიზაციის დამკვირვებელმა დაუსვა კითხვა ვინაობის შესახებ, პირი გაიქცა.

საჩივრები, განცხადებები

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 63 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 58 საჩივარი. 22 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. 


close დახურვა