მცირეწლოვანზე პოლიციის შესაძლო ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა. მედიით გავრცელებული ვიდეო ბავშვთა უფლებების დამცველთა კრიტიკის და განხილვის საგანი გახდა. კადრებში ჩანს ბავშვი, რომელიც ტირის. პოლიციას ის უხეშად, ძალის გამოყენებით გაჰყავს. ირკვევა, რომ მოზარდს გამოძიება ქურდობას ედავება. უცნობია სწავლობს თუ არა გამოძიება პოლიციელის ბრალეულობის საკითხს.
უფლებადამცველები ვიდეოში სამართალდამცველის მხრიდან უფლებმოსილების შესაძლო გადამეტებაზე საუბრობენ და მოზარდთან ასეთ მოპყრობას საგანგაშოდ მიიჩნევენ.
„ნებისმიერი ღონისძიება, რომელსაც პოლიცია მიმართავს, არ უნდა იყოს ღირსების შემლახველი. ყველა სხვა მსუბუქი საშუალება უნდა სცადოს სახელმწიფომ, სანამ მძიმე ღონისძიებაზე გადავა. საზოგადოებას არაჯანსაღი რეაქცია აქვს მსგავს მოვლენებზე, რაც მიანიშნებს სახელმწიფოს, რომ უნდა იმუშავოს საზოგადოების ცნობიერების კუთხით“ - აცხადებს ანა თავხელიძე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებსითვის“ იურისტი.
პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების შესაძლო გადამეტებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ არ საუბრობენ. უწყებაში განმარტავენ, რომ პოლიციამ 10 წლის მოზარდი ცოტა ხნით შეაკავა და ტერიტორიიდან გაიყვანა. დაწყებულია გამოძიება - ოღონდ მხოლოდ ძარცვის მცდელობაზე.
ჯერ-ჯერობით უცნობია, დაეკისრება თუ არა რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა სამართალდამცველს, რომელიც ინციდენტში მონაწილეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არც იმას აკონკრეტებენ, როდის დასრულდება გამოძიება და რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრება არასრულწლოვანს.