„ოცნების“ ხელისუფლება ჩვენებას არ ცვლის. შეერთებული შტატებიდან წამოსულ კრიტიკის ახალ ტალღაზე, მათი პასუხი უცვლელია- კონგრესმენის წერილი რეალობას არ შეესაბამება. მთავარ პრობლემად ხელისუფლებაში ისევ კომუნიკაციის ნაკლებობა მიაჩნიათ. ოპოზიციის მოსაზრებით კი დასავლეთიდან იგზავნება მკაფიო გზავნილები. საუბარია იმაზე, რომ ევროპაც და ამერიკაც "ქართული ოცნების" მმართველობით უკმაყოფილოა და დაუფარავად ეძახის კორუმპირებულს.
"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთავრობას ღიად პირველად უწოდეს კორუფციული. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ის რეალობაა, რაც ქვეყანაში ხდება. დასავლეთი მხარს დაუჭერს იმას, რომ მშვიდობიანი არჩევნებით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება ქვეყანაში",-აცხადებს "ერთიანი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
დავით ბერძენიშვილის თქმით კი დასავლეთის მხრიდან ასეთი მკაცრი კრიტიკა განპირობებულია მხოლოდ იმ ფაქტით, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
"ამერიკელები, ევროპელები გვეუბნებიან, რომ საქართველოს არჩევანი ევროპული, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაა და ჩვენ დავიცავთ ქართველი ხალხის არჩევანს",-აცხადებს დავით ბერძენიშვილი.