საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საბრძოლო მომზადების ცენტრის 247-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო.
ფიცის დადების ცერემონია თბილისის პარალელურად გაიმართა სვანეთში (უშბასა და თეთნულდის კალთებთან), სამცხე-ჯავახეთში (ფარავნის ტბასთან), აჭარაში (პეტრას ციხეზე), კახეთში (ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში) და მცხეთაში.
სამხედრო ფიცის დადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოხსენება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ჩააბარა.
ცერემონიის დაწყებამდე სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს, რომელსაც დღეს მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, წელს რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობა და სხვადასხვა სახის გამოფენები არ იმართება.