logo
ENG



დამცავი ბადეების მოწყობის გამო, ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

15 აგვ 202311:34
3 წუთის საკითხავი
 
FB/ქეთი როსტომაშვილი

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი დამცავი ბადეები მოეწყობა.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, ტერიტორიაზე დამცავი ბადეები იყო დამონტაჟებული, თუმცა ამ ეტაპზე, უსაფრთხოების მიზნით, სხვაგვარი პროექტის განხორციელებაა საჭირო.

მისივე თქმით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

რაც შეხება გუშინ გზატკეცილზე მდებარე კლდოვანი ფერდიდან ქვათაცვენას, კალაძის თქმით, პირველ ეტაპზე ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები და "საშიშროება მთლიანად მოხსნილია".

"ფერდზე არსებული ბადე ვეღარ ასრულებს დამცავ ფუნქციას. პრევენციის მიზნით, საჭიროა ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდა. პროცესში ჩართული გვყავდა დარგის სპეციალისტები. პირველი ასეთი პროექტი კოსტავას ქუჩაზე განვახორციელეთ, რომელიც მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დასრულდება. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზეც ანალოგიური პროექტი განხორციელდება. [...] დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან, მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები საავტომობილო გზის ერთ მხარეს განხორციელდება, ხოლო მეორე ზოლში გადაადგილება შესაძლებელი იქნება", - აღნიშნა კახა კალაძემ.


close დახურვა