logo
ENG



დანაკარგს დამწვარ ბაზრობაზე დაზარალებულებს სადაზღვევო აუნაზღაურებს - კახა კალაძე

17 ივნ 202011:40
3 წუთის საკითხავი
 

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე ისაუბრა. მისი თქმით, სადაზღვევო კომპანია მზადაა, აანაზღაუროს ზარალი.

კალაძის განცხადებით, საკითხზე მიმდინარეობს გამოძიებაც.

„სამგორის რაიონში ბაზრობის ნაწილი დაიწვა. მთავარია, მსხვერპლი არ არის. იყო საშიშროება, რომ ცეცხლი გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურზე, მაგრამ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. მინდა თითოეულ მეხანძრე მაშველს გადავუხადო მადლობა. 

ჩვენ გამოვუთქვით თანადგომა დაზარალებულ ადამიანებს. სადაზღვევო კომპანიამ, სადაც იყვნენ ესენი დაზღვეულნი, გამოხატა მზაობა, რომ ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს დანაკარგი. მიმდინარეობს ყველაფრის მოკვლევა.

გარდა ამისა, დაზარალებულების თემა ინდივიდუალურად განიხილება და მერიაც მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარებით. პრემიერთან მქონდა შეხვედრა ამ საკითხზე და იქნება კონსულტაციები.

გარდა ამისა, დაწყებულია ამ საკითხზე გამოძიება", - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის მოადგილე კი აცხადებს, რომ დაზარალებულების მიერ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მერიის წარმომადგენლებს შეხვდება და გაივლიან ყველა საკითხს კომპენსაციის შესახებ.

„ყველა დაზარალებული მიიღებს კომპენსაციას. საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა მათი და დღეს შევხვდებით. ვარკვევთ, იყო თუ არა ყველა ობიექტი დაზღვეული. თუ ვინმე დარჩა, ჩვენ ამ საკითხსაც გავივლით დღეს", - აცხადებს ილია ელოშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის შერეულ ბაზრობაზე ცეცხლი 15 ივნისს გაჩნდა - დაიწვა 1000-1500 მ2 ფართობი. ამ ეტაპზე ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. დაზარალებული მოვაჭრეები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.


close დახურვა