logo
ENG



დანაშაული 9.5%-ით გაიზარდა

05 იან 202012:47
3 წუთის საკითხავი
 
c3uprfycuyhd9qy.jpg

დანაშაულის სტატისტიკა წინა წელთან შედარებით 9.5%-ითაა გაზრდილი - შინაგან საქმეთა სამინისტრო 2019 წლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 

როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, ამის მიზეზი თავად ხელისუფლების მხრიდან კრიმინალის ფაქტობრივი წახალისებაა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ ოლიგარქიული მმართველობა სახელმწიფო ინსტიტუტებს ფუნქციას უკარგავს.

„შემაშფოთებელი სტატისტიკაა. საგანგაშოა ის, რომ კიბერდანაშაული გაზრდილია ორჯერ, მაგრამ 95% გაუხსნელია. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ტროლების ქარხანა - არავითარი რეაგირება არ მოახდინა ხელისუფლებამ. ოლიგარქიულმა მმართველობამ სახელმწიფოს ფუნქცია დაუკარგა“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი კი შექმნილ კრიმინოგენულ მდგომარეობას მძიმე სოციალურ ფონს უკავშირებს. ის, ასევე, აცხადებს, რომ მთავრობა თავად იყენებს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს ოპონენტებთან საბრძოლველად.

„საგანგაშოა კრიმინალური სტატისტიკა, რომელსაც შსს-ც ვერც მალავს უკვე. საქმე ისაა, რომ ეს გამოწვეულია სოციალური კატასტროფით, სიღატაკით, სიღარიბით და, რაც მთავარია, თანამშრომლობით რეჟიმისა კრიმინალურ სამყაროსთან, რადგან ივანიშვილი გვებრძვის კრიმინალური ავტორიტეტებით", -  განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტები კი ამბობენ, რომ სახელმწიფო თავად იქცა კრიმინალის ჩამდენად. ნოდარ რუხაძის განცხადებით, ქვეყანაში ჩამოყალიბდა დაუსჯელობის სინდრომი, რადგანაც მთავარ კრიმინალებად დეპუტატები და მაღალი თანამდებობის პირები გვევლინებიან.

„დანაშაულის სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ოცნება მფარველობს და თვითონაა დანაშაულის ჩამდენი. მარტივად გადაეცემა ეს ტონი მთელ საქართველოს - ვხედავთ დეპუტატებსა და ჩინოვნიკებს, რომლებიც იქცნენ კრიმინალებად და არიან დაუსჯელები - ყველას ჰგონია, რომ კრიმინალის ჩადენა გაუვათ“, - ამბობს ნოდარ რუხაძე.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ფორმულა“ რაიმე სახის კომენტარის გავრცელების შემთხვევაში შემოგთავაზებთ მას.

 


close დახურვა