„შტატის გაუქმება ემსახურება იმ მიზანს, რომ შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა“, - ასე აფასებენ მედიაექსპერტები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატის გაუქმებას. პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს და აცხადებენ, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა მხოლოდ მმართველი ძალის ინტერესების გატარებას შეიძლება ნიშნავდეს.
„ეს ჟურნალისტები ხელს უშლიან დირექტორს ივანიშვილის გეგმების განხორციელებაში და ეს გეგმები შეეხება წინასაარჩევნოდ რაც შეიძლება ნაკლებ კრიტიკას", - აცხადებს ნინო დანელია.
სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს ნინია კაკაბაძეც. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თქმით, აჭარის ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტები სამართლიანად იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის.
„ვეცდებით, რომ ყველანაირად გამოვუცხადოთ მხარდაჭერა იმ ადამიანებს, ვინც აჭარის ტელევიზიაში საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან. ჩვენ არაფერი შეგვიძლია გარდა იმისა, რომ გარედან სოლიდარობა გამოვუცხადოთ", - ამბობს ნინია კაკაბაძე.
შეგახსენებთ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ახალ მენეჯმენტს ზეწოლასა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებენ. ისინი აპროტესტებენ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის შტატის გაუქმებას.