logo
ENG



დანიგანი: მოვუწოდებ მთავრობას, პატივი სცეს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას

29 ნოე 202417:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/29/b13omygvce7gsh1.jpg

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო პროტესტს გამოეხმაურა. 

დანიგანის განცხადებით, პრემიერმინისტრის ასეთი გადაწყვეტილება მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ ეჭვქვეშ კიდევ ერთხელ აყენებს.

"ერთ წელზე მეტია საქართველოში ჩამოვედი. მას შემდეგ ვმუშაობ აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, პრემიერმინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან ერთად, განცხადებაში ნათქვამია, რომ კობახიძის ამ განცხადებას კრემლის შექება მოჰყვა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის ცნობით, პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებზე იძალადა, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებზე. მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ უნდა გადახედოს საკუთარ ქმედებებს და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გზაზე დააბრუნოს.

"აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა. გუშინ ღამით, ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე.

მოვუწოდებ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად. მტკიცედ მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია. მთავრობაზეა დამოკიდებული გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია უჭერენ მხარს",  - წერია განცხადებაში.

მოქალაქეებმა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას არ აპირებს.

**

28 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად გაუსწორდნენ ფიზიკურად 20-ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლის დროს 43 ადამიანი დააკავა. 

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულებრივი ქმედებები შემაშფოთებელია. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიდეოკადრებში მშვიდობიანი აქციის დაშლისას  მოქალაქეების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.


close დახურვა