ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი თბილისში რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა. დანიელსონმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის სამდღიანი მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება.
"მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით. ვფიქრობ, მხარეებს შორის სამდღიანი მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია", - განაცხადა დანიელსონმა.
შვედი დიპლომატი ვიზიტის ფარგლებში ამ წუთებში პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. გარდა ამისა, დანიელსონი პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა.
მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან.
მიშელმა ჩარჩო შეთანხმებაც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო საკითხებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.
დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ამ დრომდე არ გამართულა.