logo
ENG



დანიელსონი: მხარეებმა კომპრომისი უნდა მონახონ, ეს ევროპული გზაა

28 მარ 202120:42
3 წუთის საკითხავი
 
დანიელსონი: მხარეებმა კომპრომისი უნდა მონახონ, ეს ევროპული გზაა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დასრულდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ დანიელსონმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხვალიდან ის პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდება, ხოლო დღეს მოსამზადებელი დღე იყო. მისივე თქმით, სანამ საქართველოში დაბრუნდებოდა, ბრიუსელში შეხვდა ყველა ინსტანციას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებშია ჩართული, მათ შორის შარლ მიშელსაც

როგორც დანიელსონმა თქვა, მას დღეს დისტანციური შეხვედრა ჰქონდა 7 ევროპარლამენტართანაც. რომლებთანაც სამომავლო ნაბიჯები განიხილეს.  

"დღეს მთელი დღე მოსამზადებელი სამუშაოები მქონდა, იმისთვის რომ ხვალ შევხვდეთ პოლიტიკურ პარტიებს. ასევე შევხვდი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათი გუშინდელი განცხადება იყო საკმაოდ საინტერესო და ის დღესაც განვიხილეთ. იქ საუბარია კომპრომისზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის. ჩემი წინა ვიზიტის შემდეგ, ბრიუსელში მქონდა ურთიერთობა ყველა ინსტიტუციასთან, ვინც ჩართულია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში. მათ შორის პრეზიდენტ შარლ მიშელთან მქონდა კომუნიკაცია.

მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირი ძალიან აქტიურად არის ჩართული იმაში, რომ საქართველოს დაეხმაროს ამ კრიზისის მოგვარებაში. ამაზე პასუხისმგებლობა არა ევროკავშირზე, არამედ ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებზეა. მგონია, რომ წინა მისიამ, რომელიც განხორციელდა, მოგვცა საკითხების გაცნობის საშუალება. ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც იყო პროცესში ჩართული, მათ კარგად იციან მეორე მხარის აზრები და იციან რისი გაკეთებაა საჭირო, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. მათ უნდა მონახონ კომპრომისი და წინ წავიდნენ. მე და ჩემი გუნდი ამაში უნდა დავეხმაროთ. ყველაფერს გავაკეთებთ, ამ დახმარების თვალსაზრისით. კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი არის სიძლიერის ნიშანი, კომპრომისი არის დემოკრატიის ნიშანი და კომპრომისი არის ევროპული გზა", - განაცხადა დანიელსონმა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდადანიელსონი ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრებს 29 მარტიდან განაახლებს. 

ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოდის. მისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონს საქართველოდან გაფრენა 14 მარტს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა პროცესში მიღწეული არასაკმარისი პროგრესის გამო ევროპელმა დიპლომატმა ვიზიტი რამდენიმე დღით გაახანგრძლივა. 

ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა. 

ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს. 

  • რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში, ნახეთ აქ.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ. 


close დახურვა