logo
ENG



დანიელსონი ვადამდელსა და მელიაზე: საარჩევნო რეფორმაზე, პოლიტიზებულ სასამართლოზე ვიმსჯელებთ

12 მარ 202113:10
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამბობს, რომ თბილისში მხარეებთან დაგეგმილ შეხვედრებზე გეგმავს, ისაუბროს საარჩევნო რეფორმასა და პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე. ამით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობს ახალ არჩევნებსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლებაზე, ვინაიდან ოპოზიციას ამის გარეშე შეთანხმება არ სურს.

"ეს საკითხები, ისევე, როგორც მართლმსაჯულების რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, პოლიტიზებული მართლმსაჯულება, ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ", - ამბობს დანიელსონი.

მანამდე, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის საქართველო მნიშვნელოვანია და შეშფოთებულია ქვეყნის "პოლიტიკურ ჩიხში" შესვლის გამო.

"ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და ევროკავშირს დიდი ყურადღება აქვს გამახვილებული საქართველოს მიმართ. მნიშვნელოვანია, აქ რაც ხდება. არის შეშფოთება, რომ საქართველო პოლიტიკურ ჩიხშია შესული.

ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიკურ სიტუაციას. ახლა დროა, მხარეებისთვის გამოსავალი მოიძებნოს კომპრომისის სახით.

პარტიებისა და მათი წარმომადგენლების საქმეა, ჩვენი დახმარებით მათ იპოვონ გამოსავალი იმისთვის, რომ გაუმკლავდნენ სიტუაციას, გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან და გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან როგორიცაა კოვიდი. არის ხედვა, რომ ჩვენ უფრო გავერთიანდეთ.

ჩემთვის მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებ, ეს არის მოსმენა. დღის განმავლობაში შევხვდები სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. შემდეგ ვნახავთ, როგორ შეიძლება პროცესი წინ წავიდეს", - ამბობს ის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა. დანიელსონი თბილისში გამთენიისას ჩამოფრინდა.

მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან. 

მიშელმა საკითხების ჩარჩოც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო თემებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. 

დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ამ დრომდე არ გამართულა.


close დახურვა