logo
ENG



დანიელსონის მედიაციით ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები ხვალაც გაგრძელდება

17 მარ 202120:20
3 წუთის საკითხავი
 
დანიელსონის მედიაციით ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები ხვალაც გაგრძელდება

კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეხვედრა დღეს, 17 მარტს დასრულდა. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დღევანდელი შეხვედრა რთული და მძიმე იყო. 

გიგა ბოკერიას თქმით, შეთანხმება ყველა საკითხზე გართულებულია. 

"პრეზიდენტ მიშელის ინვესტიცია ამ პროცესში არის ძალიან დიდი. ეს დადასტურდა დღეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პროცესის გაგრძელებით. ის, რომ დანიელსონი ჯერ კიდევ აქ არის და ხვალაც რჩება, ეს არის კარგი, შანსის მომცემი, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ მოლაპარაკებების შედეგად. დღევანდელი მოლაპარაკებები იყო ძალიან მძიმე და რთული. 

შეთანხმება ყველა საკითხზე გართულებულია". - თქვა ბოკერიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

დღევანდელი შეხვედრა დროზე ადრე დატოვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. 

მიზეზად მან დაასახელა ის, რომ რიგგარეშე არჩევნების თარიღი და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი რიგით პირველ თემებად არ განიხილება. 

დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. 

დანიელსონამდე კი საქართველოში თავად შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი. 


close დახურვა