დანიის პრემიერმინისტრის, მეტე ფრედერიკსენის თქმით, F-16 საბრძლო თვითმფრინავები უკრაინის ცაზე, შესაძლოა, ზაფხულამდე გამოჩნდეს.
ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ყველას ძალიან გვიხარია, რომ დანია აპირებს ამ საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას ნიდერლანდებთან, ბელგიასთან და აშშ-თან თანამშრომლობით. ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი. იმედი მაქვს, F-16-ებს უკრაინის საჰაერო სივრცეში ზაფხულამდე ვიხილავთ.
ერთადერთი, რის გამოც უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას ვაგვიანებთ, არის მხოლოდ ტექნიკური მიზეზი, რადგან ამ თვითმფრინავებისთვის სერიოზული ინფრასტრუქტურაა საჭირო. ამასთან, F-16-ებისთვის წვრთნა გაცილებით ხანგრძლივია, ვიდრე სხვა ნებისმიერი იარაღის სისტემისთვის", - აღნიშნა მან.
15 ივლისს, Politico-მ დაწერა, რომ 11 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია, რომელმაც უკრაინელი პილოტები F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უნდა გადაამზადოს, წვრთნების დასაწყებად ჯერ კიდევ ელოდება აშშ-ის ოფიციალურ დასტურს.
კოალიციამ, რომელსაც დანია და ნიდერლანდები ხელმძღვანელობს, უკრაინელი მფრინავების გადასამზადებლად მემორანდუმს NATO-ს სამიტის პარალელურად, ვილნიუსში მოაწერა ხელი. ევროპელი ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ პროგრამის განხორციელებას აგვისტოში დანიაში დაიწყებენ - საწვრთნელი ცენტრი შეიქმნება რუმინეთშიც.
თუმცა როგორც Politico წერს, პროგრამა ვერ დაიწყება, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურად არ მოაწერს ხელს F-16-თან დაკავშირებული მასალების გადაცემის მოთხოვნას, რაც ჯერ არ მომხდარა. აქვე აღნიშნულია, რომ წვრთნების განხორციელებას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა "მწვანე შუქი აუნთო", თუმცა როგორც პენტაგონის პრესსპიკერი ამბობს, ოფიციალური თანხმობა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.