უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, მომდევნო ორი-სამი თვე თითქმის გადამწყვეტი იქნება ომში.
"მომდევნო ორი-სამი თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - და თითქმის გადამწყვეტი ამ ბრძოლაში, რომლისთვისაც ჩვენ ვემზადებით და ჩვენი მტერი, აგრესორიც ემზადება", - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
უკრაინის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, სოლედარის რეგიონში სასტიკი და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, მტერი წარუმატებლად ცდილობს უკრაინის თავდაცვის გარღვევასა და სოლედარის დაპყრობას.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.