უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთი შეეცდება ხარკივის ან ზაპოროჟიეს რეგიონებს შეუტიოს.
"წინსვლის მცდელობები ხარკივში ან ზაპოროჟიეს მიმართულებით, რა თქმა უნდა, იქნება. რამდენად წარმატებული იქნება, ეს ჩვენზეა დამოკიდებული", - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადეს, რომ კრემლი უახლოეს კვირებში ახლად მობილიზებული ჯარით მორიგ მასიურ შეტევას შეეცდება.
უკრაინის ცნობით, ბრძოლები დონეცკის ოლქში უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ბახმუტის გარშემო უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. რუსული ჯარები ქალაქის ალყაში მოქცევას და აღებას დიდი დანაკარგების ფასად ცდილობენ.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.