უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა ახლო მომავალში ფრონტზე ესკალაციას მიმართოს, მაგრამ მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან ნებისმიერი ქმედებისთვის.
"რასაკვირველია, ახლა რუსეთის ფედერაცია შეეცდება მაქსიმალური ზიანი მოგვაყენოს ყველანაირად. ის შეეცდება გააქტიურდეს, მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების. ჩვენ გვესმის, რა ხდება ახლა ფრონტზე. ჩვენი ჯარები მზად არიან მოვლენების ნებისმიერი მიმდინარეობისთვის," - თქვა დანილოვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.
27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთი არალეგიტიმურ რეფერენდუმს არ აღიარებს. გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებებს ანექსირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ.