უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთისთვის ომი ახალ ეტაპზე გადავიდა.
"რუსეთისთვის ომი გადავიდა სტრატეგიული ცუგცვანგის სტადიაში - ყოველი ნაბიჯი ამძიმებს სიტუაციას და აახლოებს მას ფინალთან. პირველ რიგში, პუტინის მობილიზაცია გადაიქცა 500 000-ზე მეტი რუსის გაქცევაში, რუსული სისტემის გახრწნის დემონსტრირებაში.
მეორე, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობა არის მსოფლიოს უპრეცედენტო კონსოლიდაცია გაეროს ისტორიაში უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის დაგმობის. მესამე, პუტინის ბირთვული შანტაჟი არის NATO-ს სტრუქტურების სრული გადატვირთვა და მოდერნიზაცია, ბიუჯეტის გაზრდა, გადაიარაღება, მზადყოფნა და უნარი მკაცრი და მყისიერი რეაგირებისთვის," - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
დანილოვის თქმით, რაშისტების სარაკეტო დარტყმები უკრაინის დედაქალაქზე, ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, აჩქარებს მოკავშირეთა გადაწყვეტილებას გადასცენ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და შექმნან ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინის განადგურების მიზნით გაჩაღებულმა აგრესიულმა ომმა გამოიწვია ერთიანი პოლიტიკური უკრაინელი ერის ჩამოყალიბება, რომლის სიძლიერეც იზრდება.
10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.