logo
ENG



დაპირისპირება საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებთან - პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა

11 თებ 202122:15
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციამ ორგანიზაცია მოძრაობა საქართველოსთვის ორი აქტივისტი, ნიკოლოზ ნარსია და რუსკა მჭედლიძე დააკავა. სამოქალაქო ორგანიზაციის წევრები ქობულეთში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე სისტემის ჩავარდნასა და არაეფექტურ გამოძიებას აპროტესტებდნენ და მსვლელობას გადაადგილების შეზღუდვის საათებში ჯერ ქართული ოცნების ოფისთან, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გეგმავდნენ. 

აქტივისტებმა საპროტესტო მსვლელობა 20:30 სთ-ზე დაიწყეს და დაუმორჩილებლობის ნიშნად, შეგნებულად დაარღვიწეს მთავრობის მიერ შემოღებული გადაადგილების შეზღუდვა. 

ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი. გარდაცვლილის გოგონას ბაბუის თქმით, თვითმკვლელობამდე გოგონაზე ორჯერ იძალადეს. 

მისი თქმით, პირველი ინციდენტის დროს, გარდაცვლილს ინფორმაცია საკუთარი ოჯახის წევრებისთვისაც არ მიუწოდებია. მეორე შემთხვევა 2020 წლის დეკემბერში მოხდა, რის მერეც, გოგონას ოჯახმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს. 

გარდაცვლილის ბაბუა იხსენებს, რომ დანაშაულის შეტყობინების მიუხედავად, სამართალდამცავმა უწყებებმა ოჯახისთვის ექსპერტის დასკვნის გადაგზავნა მნიშვნელოვნად დააგვიანეს. 

სამართალდამცველებმა კი, სავარაუდო დამნაშავე გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ, დღეს დააკავეს.  მას ბრალად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა ედება. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა", - ვკითხულობთ შსს-ის განცხადებაში. 

14 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა