logo
ENG



დარახველიძე: გოგა რაზმაძის განცხადება სრული ტყული და აბსურდია

12 ივლ 202312:08
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ დეპარტამენტის თანამშრომლის განცხადებები დისკრიმინაციასთან დაკავშირებით "ტყუილი და აბსურდულია". მისი მტკიცებით, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის თანამშრომლის ბრალდებები არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება.

"ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი ხუთი წელია რაც შეიქმნა შსს-ს სისტემაში და ჩვენ მივიღეთ არაერთი რეკომენდაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომ უნდა ვიმუშაოთ ამ დეპარტამენტის გაძლიერების მიმართულებით. იმისათვის რომ შეგვეფასებინა არსებულიყო მდგომარეობა, რა იყო დეპარტამენტში, სად არის სუსტი და ძლიერი მხარეები, ვთხოვეთ აუდიტის დეპარტამენტს, რომ შეესწავლა ფუნქციური დატვირთვა. მხოლოდ გოგა რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს პროცესი დისკომფორტს უქმნის", - განაცხადა დარახველიძემ.

რაც შეეხება ფეისბუქის პოსტებს, დარახველიძე ამბობს, რომ შსს-ში მოქმედებს ეთიკის კოდექსი და მიმდინარე საქმეებზე წინასწარი აზრის საჯაროდ დაფიქსირება, ეთიკური არაა:

"ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ იმ ეთიკის კოდექსის, რომელიც შესაბამისი დანაყოფებისთვის დადგენილია, იმოქმედონ ეთიკის შესაბამისად".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე Facebook-ზე უწყებაში არსებულ პრობლემებსა და მის მიმართ გამოვლენილ ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე საუბრობს.

როგორც რაზმაძე წერს, დეპარტამენტის კურატორად ალექსანდრე დარახველიძის დანიშვნის შემდეგ, თანამშრომლები ცენზურას დაექვემდებარნენ, დაიწყო მათი საჯარო პოსტების კონტროლი, რის შემდეგაც მან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა უფროსთან, ასევე მოადგილეებთან, ამის გამო კი, მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დაიწყო.

რაზმაძე წერს, რომ ამ მოვლენების ფონზე დეპარტამენტში აუდიტის შემოწმება დაიწყო, რაც საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. 

გოგა რაზმაძე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაიწყოს გამოძიება. ამასთან, აღნიშნავს, რომ უკვე მიმართა სახალხო დამცველს. 


close დახურვა