logo
ENG



დარსალიას თქმით, ექსპერტული დასკვნით, 1:200000-იანი რუკა 1:500000-იანის დამხმარე დოკუმენტია

14 ოქტ 202015:39
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ამბობს, რომ დავითგარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობის დროს წლების განმავლობაში მასალების ნაკლებობა იყო, თუმცა, "რამდენიმე თვის წინ ეს მასალა დაგროვდა". 

დარსალია, რომელიც საზღვრის დამდგენ კომისიას მიმდინარე წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ რუკები, პროტოკოლები, ოქმები და სხვა დოკუმენტები საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას გადაუგზავნეს, რათა სრულყოფილი ანალიზი ჩაეტარებინათ და ქართული მხარე ნაბიჯების სისწორეში დარწმუნებული ყოფილიყო. 

"22 სექტემბერს მივიღეთ შუალედური დასკვნა. მასში წერია, რომ 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა ამყარებს საქართველოს პრეტენზიებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე. ამასთან, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს რუკა განსახილველია არა ცალკე აღებულად, არამედ 1:500 000-იანი მასშტაბის რუკის მხარდამჭერ დოკუმენტად, რომელიც შესაძლოა 1:200 000-იან რუკას ეფუძნებოდეს და რომელიც 1938 წლის ოქმის დანართადაა წარმოდგენილი". - თქვა დარსალიამ. 

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ასევე, შეფასებული იყო ქართული მხარის მიერ სხვადასხვა დროს გადადგმული ნაბიჯები და მათი რელევანტურობა

"არის შეფასებები, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა დროს გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები არასათანადოდ ამყარებს ჩვენს პოზიციას და პირიქით, შეიძლება ჩვენ საზიანოდაც კი იყოს გამოყენებული. შესაბამისად, დასკვნის მიხედვით, შემდგომში შესაცვლელი იქნება მიდგომები აზერბაიჯანთან ურთიერთობებში". - ამბობს დარსალია. 

მისივე თქმით, დასკვნაში წერია, რომ ქართულ მხარეს დასჭირდება მტკიცებულებების გამყარება, რინაიდან წარსულში "შესაძლოა გარკვეულ უმოქმედობას ან არასწორ ქმედებას შეიძლება დაესუსტებინა ჩვენი არგუმენტაცია და პოზიციები. ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმის გარკვევა, თუ რატომ არ ვიყენებდით აქამდე ბევრ მასალას. მოუწევს ქართულ მხარეს შესაბამისი პოზიციონირების დაყენება". - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. 

დარსალიას განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ "მთავარი ამოსავალი წერტილი არის 1996 წლის პროტოკოლი, სადაც გაწერილია, რომ კომისიებმა უნდა იხელმძღვანელონ 1938 წლის ხაზით, რომელიც გაივლო საბჭოთა რესპუბლიკებს შორის და შესაბამისი მასალებით". 

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, ყველა ის მასალა, რომელიც ქართულმა მხარემ მოაგროვა, აზერბაიჯანული მხარისთვის უკვე გადაცემულია და ქართულ-აზერბაიჯანულ კომისიას მისი შესწავლა დაწყებული აქვს. 24 სექტემბერს, საქართველოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომისიის მომდევნო სხდომაზე სწორედ ამ დოკუმენტებს განიხილავდნენ. 

დავითგარეჯის საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, კარტოგრაფები: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

თავად დაკავებული კარტოგრაფები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები". 

რაც შეეხება ბრალდების საფუძველს - პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი".

ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ კი თქვა, რომ ნატალია ილიჩოვამ მას უთხრა: "ყოველ წამს მგონია, რომ კარი გაიღება, შემოვა ვინმე და ბოდიშს მომიხდის ამ დანაშაულის გამო, რომ მე აქ ვარ და დავტოვებ ამ დაწესებულებას". 


close დახურვა